„ტურინში, „იუვენტუსთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ გაზეთების გადაფურცვლისას და საიტების თვალიერებისას თვალში მეცა, რომ ფაქტობრივად ყველგან ერთსა და იმავეს წერდნენ: ჩემპიონთა ლიგაში ადგილის დაბევებით „მილანმა” მხოლოდ მინიმალური ამოცანა შეასრულა; „მილნმა” სეზონი ჩავარდნისგან გადაარჩინა და ასე შემდეგ. ყველაფერი მესმის, მაგრამ როგორც ჩანს გულშემატკივრებისა და მედიის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა იმას, რაც პაოლო მალდინიმ ასჯერ მაინც გაიმეორა; რომ ეს ბერლუსკონის „მილანი” აღარ არის” — ვკითხულობთ calciomercato.com-ში, ექსპერტ კრისტიანო რუიუს ბლოგში.
„მილანი” რომელზეც ჩვენ გავიზარდეთ გამარჯვებებზე იყო დაგეშილი და ფასს არ დაგიდევდათ, დღევანდელი გუნდი კი ასე აღარ არის. კლუბის დღევანდელი მეპატრონეების მიზანი კი გამარჯვება კი არა, ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაა. „როსონერიმ” წინა სეზონში სკუდეტო მოიგო, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ფული ცნობილი ფეხბურთელების შეძენაში ჩაედო, ყურადღება პერსპექტიულ ახალგაზრდებზე გადაიტანა.
მეტიც, სკუდეტოს მოგების შემდეგ ძირითადი შემადგენლობის ერთი ფეხბურთელი სულაც წავიდა, რადგან ამ კლუბისთვის დიდი ხელფასი მოითხოვა, „სან სიროზე” კი ხელფასი არათუ არ მოუმატეს, არამედ შეუმცირეს. ერთი სიტყვით, რუიუ წერს, რომ მალდინი არავინ დააფინანსა, არადა მისი მიზანი ეროვნულ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში გუნდის ძველ სიმაღლეებზე დაბრუნება იყო, ოღონდ… სულ ნაკლები და ნაკლები დანახარჯით. კერძოდ, ხელფასები, ისევე როგორც აგენტების საკომისიოები განუხრელად უნდა მცირდებოდეს. აი, სწორედ ეს იყო მალდინის ამოცანა და მან ის საუცხოოდ შეასრულა. ასეთ შედეგზე ვერავინ იოცნებებდა.
ყველას, ვინც ამბობს, რომ „მილანმა” მხოლოდ პროგრამა მინიმუმი შეასრულა ან სეზონი ჩავარდნას გადაარჩინა, აღარ ახსოვს, რომ ზედიზედ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამსვლელი ადგილი მოიპოვა, მაშინ როდესაც მანამდე 8 წელიწადი უმაღლეს ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღია. მალდინიმდე „მილანი” ფულს იცოცხლე ხარჯავდა, ოღონდ მეხუთე ან მეექვსე ადგილზე გადიოდა.
მალდინის ხელში „მილანი” თანდათანობით ამცირებდა ხარჯებს, სპორტულ შედეგებს კი აუმჯობესებდა. ამ სამი წლის განმავლობაში გუნდი სულ კარგავდა ფეხბურთელებს, იცვლებოდა ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ მაინც მოახერხა მეორე, პირველი და მესამე/მეოთხე ადგილზე (ბოლო ტურში გაირკვევა) გასვლა.
ამ სამი წლის განმავლობაში „როსონერიმ” მოიგო მე-19 სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა. ნახევარფინალი ის ეტაპია, სადაც ევროპის ჩემპიონთა შეჯიბრების შვიდგზის გამარჯვებული 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
„ამიტომ მერწმუნეთ, სეზონს, რომელშიც გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება და მთავარი ევროშეჯიბრების ნახევარფინალში ითამაშა, გადარჩენილი არ ეწოდება. მითუფრო, რომ ამ შედეგებს „მილანმა” ორივე ფრონტზე თამაშისთვის შეუფერებელი შემადგენლობით მიაღწია, რომლის ფეხბურთელებსაც საშუალო რანგის ხელფასები ჰქონდათ, — წერს მიმომხილველი და დასძენს:
რასაკვირველია, თუკი „მილანის” ახლანდელ პერიოდს შევადარებთ იმ დროებას, როდესაც 5 სეზონში ოთხჯერ სკუდეტო მოიგო ან სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, მაშინ „როსონერიმ” იმედი გააწბილა, მაგრამ ის სხვა ეპოქა იყო, სხვა სახსრებით და მიზნებით. ამიტომ, ჩვენ მალდინის მიღწევებს ან დროის კონტექსტში განვიხილავთ და ვაღიარებთ, რომ მან დიდებულ შედეგს მიაღწია ან მუდმივ გაუგებრობაში დავრჩებით”.