იტალიაში, კოვერჩანოში, გაიმართა დაჯილდოება: „სპორტი 2023″ — სატრანსფერო ბაზარი ბიზნესსა და გატაცებას შორის”, სადაც ლუჩანო სპალეტიმ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო და იქვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ნაპოლიდან” მიდის.
— ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას, რომლის ფასი გულშემატკივრებმა შეგვაგრძნობინეს. ისინი დილიდან საღამომდე მხარში გვედგნენ. ნეაპოლელთა ენთუზიაზმი უსაზღვრო იყო. ისინი ავსებდნენ სტადიონის ტრიბუნებს. ისინი ფეხბურთით დიდ სიამოვნებას იღებდნენ და ჩვენი დიდებული წარმატების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ჩვენს წარმატებას ჰქონდა სამი ფუნდამენტური ელემენტი: ძლიერი ფეხბურთელები; კლუბი, რომელმაც ისინი ჩემს განკარგულებაში მოაქცია — კერძოდ კრისტიან ჯიუნტოლი, რომლის ბადალი ამ საქმეში ბევრი არ მინახავს — და ქალაქის გულისცემა. „მარადონაზე” ჩატარებულ ყოველ მომდევნო შეხვედრაში ხალხი გულის უფრო და უფრო დიდ ნაწილს გვაძლევდა, — თქვა სპალეტიმ.
— მაშ, რატომ დასრულდა ასეთი შესანიშნავი სიყვარულის ისტორია?
— ხანდახან ხალხი ერთმანეთს მეტისმეტად დიდი სიყვარულის გამო ვცილდებით. როდესაც შენს წინაშე არის ისეთი ქალაქი, როგორიც ნეაპოლია, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: შევძლებ მე იმის გაღებას, რაც მას ეკუთვნის? ამ ქალაქს კი ჩვეულებრივი არაფერი სჭირდება. ნეაპოლელებს ჰყოლიათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, უძლიერესი მწვრთნელები, მათ შორის სარი, ანჩელოტი, გატუზო და ბენიტესი. და მე მივხვდი, რომ შემდეგ წელიწადს ასეთ გარანტიას ვერ მივცემდი. გაისად მე მატილდასთან ვიქნები და მას გავწვრთნი. ის ჩემი უმცროსი ქალიშვილია, რომელთანაც ცოტა დრო მაქვს გატარებული. გარდა ამისა, დავიღალე. დასვენება მჭირდება.
— მართალია, რომ თქვენ პრეზიდენტ დე ლაურენტისს ერთწლიანი შვებულება სთხოვეთ?
— არ ვიცი რას ნიშნავს ერთწლიანი შვებულება (sabbatical year). მე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ერთი წელიწადი არსად ვიმუშავებდი, არც „ნაპოლიში” და არც რომელიმე სხვა გუნდში.
— როგორ ფიქრობთ, ასეთი სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანთან” დამარცხებაზე გულის დაწყვეტა აღარ ღის?
— მაინც გვწყდება გული, რადგან შეგვეძლო კიდევ უფრო წინ წავსულიყავით. მაშინ გამოჩნდა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების წინაპირობა არსებობს. გუნდმა ამ შეჯიბრებაში ძალიან ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში დაამტკიცა, რომ მას დიდი შედეგების მიღწევა შეეძლო. სამწუხაროდ, ჩვენ სანაკრებო პაუზამ დაგვაბრკოლა. რას იზამ, ეს ის სირთულეებია, რომელთაც სეზონის განმავლობაში აწყდები.
— ბევრს უკვირდა, რომ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზასთან უამრავ გულშემატკივარს რთავდით შეკრების ნებას.
— ღმერთმა დაგვიფაროს სხვანაირი საქციელისგან. დიდი სიამოვნებაა, როდესაც ხალხს ავტოგრაფი, ჩახუტება ან ფოტოს გადაღება უნდა. რასაკვირველია, ისინი ბევრნი იყვნენ და მათთან ურთიერთობაში დღის დიდი ნაწილი ცდებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩემპიონები გავხდით, ჩვენ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ.
— რა მოგენატრებათ?
— ცოტ-ცოტა ყველაფერი. თუმცა, ამას ალბათ მაშინ მივხვდები, როდესაც აქ აღარ ვიქნები. როდესაც გუნდს საწვრთნელ ან სათამაშო მოედანზე ჩემ გარეშე დავინახავ.
— არსებობს რამე, რამაც შეიძლება გადაწყვეტილება შეგაცვლევინოთ?
— არა. სამწუხაროდ, ცხოვრებამ ახალგაზრდობაშივე მასწავლა, რომ იზრდები მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას იღებ.
— უთანხმოებებიც გადაგხდათ?
— არა. მე ნეაპოლს ვერასდროს დავუბრუნებ იმას, რაც მან მომცა. ვერასდროს.