Nico Gonzalez and Giorgi Mamardashvili of Valencia CF celebrates after the team's victory in the LaLiga Santander match between Valencia CF and Real...„ვალენსიას” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 88 სეზონი აქვს ჩატარებული, მის დღევანდელ მეტოქეს, ბარსელონის „ესპანიოლს” კი 87. ამაზე მეტი გადაღმა იბერიელთა უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში მხოლოდ სამ კლუბს „რეალს”, „ბარსელონას” და „ბილბაოს” გაუტარებია. ისინი ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილან.

„ვალენსიას” და „ესპანიოლს” ჯამში ელიტაში უფრო მეტი წელი დაუყვიათ, ვიდრე გავარდნის სხვა კანდიდატებს — „სელტას” (57), „ვალიადოლიდს” (46), „ხეტაფეს” (18), „კადისს” (15), და „ამლერიას” (7) ერთად. შესაბამისად, ჩვენ ვლაპარაკობთ ორ ისტორიულ კლუბზე, რომელთაც საერთო კიდევ ის აქვთ, რომ ერთსაც და მეორესაც აზიელი პატრონები მართავენ — „მერიტონ ჰოლდინგი” და „რასტარ გრუპი” — და ორივე პატრონმა გუნდის გადარჩენა ყოფილ ადგილობრივ ვარსკვლავს ანდო: „ვალენსიამ” რუბენ ბარახას, ხოლო „ესპანიოლმა” ლუის გარსიას.

დღევანდელ შეხვედრაზე ლაპარაკი ისე, რომ „ვინისიუსის საქმე” არ ვახსენოთ, შეუძლებელია. ეს იქნება სამიდან პირველი თამაში „მესტალიაზე”, რომლის დროსაც მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნაზე არავინ იჯდება. ლა ლიგამ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და CSD-მ ანუ უმაღლესი სპორტის საბჭომ, რომლებიც საშეჯიბრო კომიტეტს შეადგენენ, ჩათვალეს, რომ ვალენსიის სტადიონის ამ ერთი ტრიბუნის დისკვალიფიკაციით მსოფლიოს რასიზმისგან გაათავისუფლებენ. „ვალენსიამ” სასჯელი გააპროტესტა, მაგრამ „ინკვიზიციას” გული ვერ მოულბო. ამრიგად, კარსუკანა ტრიბუნის 1600 ბინადარი სტადიონზე ვერ შევა, უფრო სწორად თავის ადგილზე ვერ დაჯდება, თორემ სხვა ტრიბუნები ღიაა და უკვე ცნობილია, რომ „ესაპანიოლთან” შეხვედრაზე უფრო მეტი ბილეთი გაიყიდა, ვიდრე ორი ტურის წინ „რეალთან”.

ახლა კი მწვრთნელების, ბარახასა და ლუის გარსიას მიზნებზე ვთქვათ. „ღამურების” თავკაცს სურს ბოლო ტურში „ბეტისთან” სათამაშოდ პრობლემების გარეშე ჩავიდეს, „ესპანიოლისას” კი უნდა, რომ „ალმერიას” სწორედ სანერვიულოდ ჩააკითხოს და არა გადაწურული იმედით.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში მალიორკაზე დამარცხებამ „ვალენსიას” საქმე გაუფუჭა და საკუთარი თავის რწმენა შეულახა, ბარახა ცდილობს თავის ფეხბურთელებს აუხსნას, რომ ნებისმიერი იმ შვიდი გუნდიდან, რომელიც ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს. ლუის გარსია კი თავის მხრივ თავმოყვარეობის ფაქტორს ებღაუჭება — ბოლო ტურში ბარსელონელებმა „ატლეტიკოს” უმასპინძლეს და 0:3 ჩამორჩენის შემდეგ თამაში გადაარჩინეს — 3:3.

როგორ თამაშს უნდა ველოდოთ? როგორც AS წერს, ორივე გუნდს თავდასხმასა თუ დაცვაში შეუძლია აჩვენოს როგორც საუკეთესო ასევე კოშმარული თამაში, ასე რომ არავინ იცის რა მოხდება.

„ვალენსიას” კარს, რასაკვირველია, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.