Vinicius Junior of Real Madrid discusses with Giorgi Mamardashvili of Valencia CF during the LaLiga Santander match between Valencia CF and Real...„ვალენსიამ” შინ 1:0 დაამარცხა „რეალი”, რაშიც ლომის წილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა. მან შეხვედრის მიწურულს სამჯერ ბრწყინვალედ ითამაშა, რითაც „ღამურებს” სამი ქულა გადაურჩინა. თუ „ჩეები” წლეულს ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩებიან, მათგან საგანგებო მადლობა სწორედ გიორგის ეკუთვნის. ის მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა, „რეალთან” შეხვედრას კი შეიძლება გვირგვინი ვუწოდოთ. superdeporte-ს აზრით ეს იყო მამარდაშვილის უძლიერესი თამაში „ვალენსიაში”. plazadeportiva-მ ქართველს ათიდან ათი ქულა დაუწერა.

და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრის მთავარი ამბავი გიორგის გაბრწყინება კი არა, ვალენსიელი გულშემატკივრის რასისტული ქცევა და ვინისიუს ჟუნიორის მორიგი შარი გახდა. ვინისიუსისთვის მაიმუნის ძახილმა მისი უდიდებულესობა ფეხბურთი გადაფარა, თან მაინცდამაინც მაშინ, როდესაც „მატჩის მეფედ” გიორგი დაასახელეს.

მდგომარეობა განსაკუთრებით მას მერე დაიძაბა, რაც ვინიმ მამარდას კარსუკან, ქვედა რიგებში მჯდომი გულშემატკივარი პოლიციას სტადიონიდან გააყვანინა. ამან ტრიბუნები ააღელვა, თავის მხრივ კი ბრაზილიელი გარემარბი ვეღარ დაწყნარდა. ცეცხლზე ნავთი სავარაუდოდ იმანაც დაასხა, რომ დაჟინებული შეტევების მიუხედავად მადრიდელებმა  მამარდაშვილს ვერა და ვერ გაუტანეს გოლი, რაც ვინისიუსს ემოციებისგან დაცლის საშუალებას ნაწილობრივ მაინც მისცემდა. ეს ერთ-ერთ მომდევნო ეპიზოდში უგო დუროსთან ძიძგილაობაში გადაიზარდა (ამ კონფლიქტში უკვე ქართველი მეკარეც ჩაერია და ყვითელი ბარათი მიიღო), რომლის დროსაც ვინისიუსმა მეტოქეს ხელი გაარტყა და VAR-ის მითითებით წითელი ბარათით დაისაჯა.

„რასისტებმა საჩუქრად ჩემი გაძევებაც მიიღეს”, — დაწერა მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ინსტაგრამზე და დასძინა, — ეს ხომ ფეხბურთი არ არის, ეს ლა ლიგაა”. ხელი ლა ლიგის ხელმძღვანელობისკენ, კერძოდ ხავიერ ტებასისკენ მოგვიანებით „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც გაიშვირა.

ვინისიუსის ინციდენტმა გამოხმაურება მთელს მსოფლიოში გამოიწვია. თავის პოსტში „ვალენსიას” კაპიტანმა ხოსე ლუის გაიამაც დაგმო რასიზმი. ოფიციალურად იგივე მოიმოქმედა კლუბმაც, რომელიც გიორგი მამარდაშვილის საუცხოო თამაშის წყალობით შესაძლოა მიმდინარე სეზონში დიდ ფიასკოს გადარჩეს — გუნდი ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე მე-13 ადგილზეა და გასავარდნთა ზონას 5 ქულით უსწრებს.