გასულ უქმეებზე სარაგბო ევროპამ მორიგი ციკლი დაასრულა და ისევე, როგორც შარშან, ორივე საკლუბო ტურნირი ფრანგული კლუბების გამარჯვებით დასრულდა. სასიამოვნოა, რომ ქართველი მორაგბე წლეულსაც გახდა ერთ-ერთი თასის მფლობელი.
ჩემპიონთა ლიგა
ვინაიდან ფინალებს დუბლინი მასპინძლობდა, მთავარი ევროთასის მოგების მთავარ პრეტენდენტად სწორედაც დუბლინური „ლენსტერი“ მოიაზრებოდა. ესეც რომ არა, ირლანდიური სუპერგუნდი მშვენიერ ფორმაში იყო და მას ფავორიტად ბუქმეიკერებიც მიიჩნევდნენ. მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდნენ თასის შარშანდელი მფლობელი „ლა როშელის“ მორაგბეები. ატლანტიკისპირა ფრანგული ქალაქის კლუბმა საოცარი „ქამბექი“ შესთავაზა პირთამდე სავსე დუბლინურ „ავივას“ და პირველ ტაიმში 14:23 ჩამორჩენის მიუხედავად საბოლოოდ 27:26 იმარჯვა. „ლა როშელმა“ ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა და ფრანგული საკლუბო რაგბის უმაღლესი რენომე დაადასტურა.
სანდრო ქუნთელიას „ლა როშელის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა თასზე ერთადერთი მატჩში აქვს ჩატარებული, ამდენად თასის მფლობელად ისიც ჩაითვლება.
ჩელენჯ კაპი
აი, ამ ევროტურნირს კი ქართველი გამარჯვებული ზედიზედ მეორედ ეყოლება. შარშანდელ სანახაობრივ ფინალში დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონმა“ ბექა გიგაშვილის „ტულონს“ აჯობა, წლეულს კი ამ გუნდების დაპირისპირება უფრო ადრეულ სტადიაზე შედგა და ობიექტურად უკეთეს კონდიციებში მყოფმა სამხრეთელებმა იმარჯვეს და მოქმედი მფლობელი გზიდან ჩამოიცილეს.
დუბლინურ ფინალში კი „ტულონმა“ შოტლანდიური „გლაზგო უორიორსი“ უმოწყალოდ დაარბია – 43:19, ჩელენჯ კაპი მეხუთე ცდაზე როგორც იქნა მოიგო და საკლუბო ტიტულების მუზეუმის ერთადერთი დანაკლისი შეავსო.
საქართველოს ნაკრების ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ტულონელთა ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბექა ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მართალია, ბორჯღალოსნის რანგში მას ევროპის უამრავი ჩემპიონობა აქვს, მაგრამ ჩელენჯ კაპი მისი პირველი საკლუბო ტიტულია. რაც შეეხება „ტულონს“, ამ ტრიუმფმა გუნდს მომავალი სეზონის ჩემპიონთა თასის საგზური ავტომატურად მოუპოვა.
ბექამ ფინალში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა, თამაშის ბოლო წუთებში კი მინდორზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად დაბრუნდა.
კიდევ ერთი რამ: გასულ გათამაშებაში ტულონელთა შემადგენლობაში ერთი მატჩი ახალგაზრდა დავით მჭედლიძესაც აქვს ჩაატრებული, ანუ თასის მფლობელის სტატუსი მასაც ეკუთვნის.
პრო დ2
საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში პლეი-ოფის ნახევარფინალი შედგა. „ოიონაქსმა“ მძიმე ბრძოლაში „ვანს“ 26:21 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც „გრენობლს“ დაუპირისპირდება.
ალპელებმა „მონ-დე-მარსანს“ უმასპინძლეს და 36:27 სძლიეს. „გრენობლის“ ამ წარმატებაში სოლიდური წვლილი ქართველებმაც შეიტანეს. სასტარტოში ირაკლი აფციაური და ლუკა გოგინავა იყვნენ, ორივემ 55 წუთი ითამაშა, ლუკამ კი სულაც ლელო გაიტანა, თანაც მან ეს მიჯრით მეორე მატჩში მოახერხა. ეს იყო გოგინავას მე-6 ლელო საფრანგეთუს ჩემპიონატში ჩატარებულ 91-ე მატჩში.
წინ ფინალია, რომელიც 27 მაისს ტულუზის „სტად ერნე ვალონზე“ გაიმართება. გამარჯვებული ტოპ 14-ში აღზევდება, დამარცხებულს კი ტოპ 14-ის ბოლოსწინა ადგილზე გასულთან მოუწევს გადასასვლელი თამაში.
ნასიონალი
ნასიონალ ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალმა კი უკვე დაასახელა პრო დ2-ის მომავალი სეზონის ახალბედები. „დაქსმა“ შინ „ბლანიაკთან“ 16:21 კი წააგო, მაგრამ გასვლაზე 32:12 გამარჯვების გამო ფინალისტი მაინც გახდა.
აი, „ვალანს-რომანმა“ კი „ალბის“ მეორე მატჩიც მოუგო და მეორე ელიტურ დივიზიონში 1-წლიანი პაუზის შემდეგ დარბუნდა. გასვლით მატჩში 20:7-ს საშინაო 18:12 მოჰყვა და ამ წარმატებაში საკმაოდ წონადი წვლილი ახალგაზრდა მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა შეიტანა, რომელიც კლუბის ძირითადი 8 ნომერია.
რაც შეეხება ფინალს, გადამწყვეტი მატჩი მხოლოდ ნასიონალის ჩემპიონს გამოავლენს, თორემ ის კი გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში პრო დ2-ში „კარკასონსა“ და „მასის“ „ვალანს-რომანი“ და „დაქსი“ შეცვლიან.





