ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლი”… თანამშრომლობის გაგრძელებაზე არაფერი ისმის. მეტიც, ბოლო ინფორმაცია უფრო გზათა გაყრის მომასწავებელია. „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისა და მწვრთნელის ბიზნეს-სადილზე სპალეტიმ დრო ითხოვა. უფრო სწორად მან დრო მოიგო, რადგან ხელშეკრულების ცალმხრივად, ერთი წლით, კლუბის სურვილისამებრ გაგრძელება არ უნდოდა. ამბობენ, რომ ტოსკანელს არც ის მოეწონა, რომ დე ლაურენტისმა ჩემპიონობა უდინეშივე არ მოულოცა.
ამასობაში არც „პარტენოპეელთა” მეპატრონე ზის გულხელდაკრეფილი. ის ლუჩანინოს სავარაუდო შემცვლელების შერჩევითაა დაკავებული. იტალიურ პრესაში ძირითადად სამ სახელს უტრიალებენ. უპირველეს ყოვლისა ამბობენ, რომ დე ლაურენტისს ანტონიო კონტეს ქარიზმა და თვისებები მოსწონს. მეორე კანდიდატად განიხილავენ „ატალანტას” თავკაც ჯან პიერო გასპერინის, რომელიც წარსულში უკვე იყო ახლოს „აძურის” გაძღოლასთან, მაგრამ ერთიცა და მეორეც შორს არიან იმ ტაქტიკურ სქემასთან, რომლითაც „ნაპოლიმ” მესამე სკუდეტო მოიგო. მესამე კანდიდატი კი „ფორენტინას” თავკაცი, გერმანიაში დაბადებული 45 წლის ვინჩენცო იტალიანო გახლავთ.