საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფლანკერმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო გაიტანა და „მიდი ოლიმპიკის“ მიერ ტრადიციულად შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ტოპ 14
ამ ჯერზე საღინაძის „ლიონმა“ ვერ მოიგო, მაგრამ პარიზში, „სტად ფრანსესთან“ სრულიად არანორმალური მატჩის ფრედ დასრულება კი შეძლო.
პირველ ტაიმში დედაქალაქელებმა 4 უპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს და 28:0 დაწინაურდნენ. მაგრამ სტუმრები არ დანებებულან და 75-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე თანაბარი ანგარიში ენთო – 28:28! ამ ოთხი ლელოდან ერთ-ერთი საღინაძისა იყო, რომელმაც სეზონში ჩატარებულ მე -16 მატჩში თავი მეოთხედ ისახელა. ბოლოსწინა წუთზე „სტად ფრანსე“ ჟორის სეგონდსის ზუსტმა საჯარიმო დარტყმამ დააწინაურა – 31:28, მაგრამ საპასუხო შტურმისას დარტყმის უფლება ლიონელებმაც მოიპოვეს და ვეტერანმა ზელანდიელმა ლიმა სოპოაგამ ცივსისხლიანად გაათანაბრა 31:31 და გუნდებმა 2-2 ქულა მიიღეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ „სტად ფრანსემ“ პლეი-ოფში თამაში გაინაღდა, ხოლო „ლიონს“ იგივესთვის ბოლო ტურში შინ „ბაიონთან“ თუნდაც სანუგეშო ბონუსის მიღება მართებს.
„ტულუზმა“ და „ლა როშელმა“ პირველ-მეორე ადგილები დაიბევეს და ფინიშზე გადაწყდება, ვინ მოიგებს რეგულარულ ჩემპიონატს. „პლეი-ოფის ნახევაფინალში გასვლა „სტად ფრანსეს“ გარდა მეორე პარიზულმა კლუბმა – რასინგ-92“-მაც გაინაღდა, ასევე „ბორდომ“, ხოლო ბოლო საგზურისთვის, როგორც ზემოთ ითქვა, „ლიონი“ და „ბაიონი“ ერთი კვირის შემდეგ შეერკინებიან ერთმანეთს.
ვასილ ლობჟანიძის, ლუკა ჯაფარიძისა და ვანო კარკაძის „ბრივმა“ კი შინ „კასტრთან“ 13:16 წააგო და ტოპ 14-ს გამოეთხოვა. აი, „პერპინიანს“ კი, დიდი ალბათობით, ტოპ 14-ში დასარჩენად ზედიზედ მეორე წელი მოუწევს ბრძოლა პრო დ2-ის ფინალში დამარცხებულთან. „დიდი ალბათობით“ იმიტომ, რომ კატალონიელებზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომ „პოს“ 4 ქულით მეტი აქვს და საეჭვოა, „პერპინიანმა“ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ბოლო ტურში მოახერხოს.
პრო დ2
საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის პლეი-ოფში კი ასეთი ამბებია: „ნევერის“ მწვრთნელმა „ვანთან“ გადამწყვეტ საშინაო მატჩში ქართველთაგან მხოლოდ ილია კაიკაციშვილი დაასაქმა, ისიც მხოლოდ 25 წუთით. შედეგად სტუმრებმა 20:17 მოიგეს და მომდევნო უქმეებზე რეგულარულის ჩემპიონ „ოიონაქსს“ ასევე სტუმრად დაუპირისპირდებიან. მეორე შესარჩევი ნახევარფინალი ლოგიკურად დასრულდა – „მონ-დე-მარსანმა“ საკუთარ მოედანზე „აჟენს“ უპრობლემოდ გაუსწორდა (37:24) და შემდგომ ეტაპზე უკვე გასვლით მატჩში „გრენობლს“ შეერკინება.
ნასიონალი
ამ ლიგაში ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა და იოანე იაშაღაშვილის „ვალანს-რომანმა“ გასვლაზე „ალბის“ შანსი არ დაუტოვა (20:7) და დაწყებული საქმის დასრულებას შინ ერთ კვირაში ეცდება. მეორე წყვილში კი „დაქსმა“ ასევე სტუმრად „ბლანიაკი“ გაანადგურა და საპასუხო მატჩისთვის სულაც 20-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა – 32:12. წყვილების გამარჯვებულები პრო დ2-ში ითამაშებენ.
იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპი
აი, ამ ტურნირში კი სუპერსენსაცია გამოცხვა – ირლანდიურმა გრანდმა, ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ მეორე ირლანდიურ ფრენჩაიზ „მანსტერთან“ 15:16 წააგო და ფინალს მიღმა დარჩა. გადამწყვეტ მატჩში კი ერთმანეთს სწორედ „მანსტერი“ და სამხრეთაფრიკული „სთორმერსი“ შეხვდებიან.






