Romelu Lukaku of FC Internazionale scores his second goal to give the side a 4-2 lead during the Serie A match between FC Internazionale and US...„ინტერმა” „სასუოლოს” სერია A-ს 35-ე ტურში 4:2 მოუგო და დღეს საღამომდე „იუვენტუსს” დაეწია. ორივეს 66 ქულა აქვს, თუმცა „ბებერი ქალბატონი” დღის ბოლოს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” მასპინძლობს და სავარაუდოდ ერთპიროვნულად დაბრუნდება მეორე ადგილზე.

მილანელი „შავ-ლურჯების” ოთხი გოლიდან ორი — პირველი და ბოლო — რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მეორე ტაიმის შუაში ისინი 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ყოჩაღმა „სასუოლომ” სხვაობა ერთამდე შემცირა — 77-ე წუთზე ანგარიში გახდა 3:2. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბოლოს, 89-ე წუთზე, ლუკაკუმ შეხვედრას კითხვის ნიშანი მოხსნა.

„ინტერის” ხმაჩახლეჩილი მწვრთნელი სიმონე ინძაგი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ვერ მივიდა. მის ნაცვლად ჟურნალისტების კითხვებს მისმა თანაშემწემ მასიმილიანო ფარისმა უპასუხა:

„ლუკაკუ გამორჩეული ბიჭია, დიდი გულით, მხარში მდგომი, ის საყოველთაო სიმპათიას იწვევს. ვფიქრობ, მას ერთიხანობა საკუთარი თავი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ დღეს ყველამ ვნახეთ, თუ რა ძალას წარმოდგენს, როდესაც კარგ ფორმაშია. შესანიშნავია, როდესაც როტაციის შესაძლებლობა გაქვს.

ჩვენი გუნდი ტაქტიკურ ბალანსს იცავს. დღეს მეტოქეებს ერთი ერთზე ვერ ვაჯობეთ, მაგრამ საჯარიმოში ბევრნი შევრბოდით. ამის გამო ადრე დავსჯილვართ კიდეც, მაგრამ ახლა ყველაფერი სწორად გაკეთდა.

სეზონის განმავლობაში რთული პერიოდების გადატანა მოგვიხდა, მაგრამ გამოსავლის ძიებაში, ოფისში საათობით ვისხედით და ჩვენი სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო გვეხუმრებოდა კიდეც, ოთახიდან ბოლი უკვე გარეთ გამოდისო. სიმონე ინძაგი პირველი იყო, ვინც ყველას გვამხნევებდა, როგორც ეს „სალერნიტანასთან” ფრის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბაიერნთან” წაგების შემდეგ მოხდა. მაშინ, სადილად ვისხედით და ვთქვით, რომ ყველაფერს ვიზამდით, რათა ცხრილში „ბარსელონაზე” მაღალი ადგილი დაგვეკავებინა. შეიძლება ითქვას, ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი წლევანდელი თავგადასავალი სწორედ იქ დაიწყო. ახლა რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებთ, მაგრამ უდიდესი ნაბიჯი კიდევ გადასადგმელია”.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ინტერი” „მილანს” მასპინძლობს. პირველი შეხვედრა „ნერაძურის” გამარჯვებით დასრულდა – 2:0.