
თუ კიმი „ნაპოლიდან” წავა, ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ტოლფასი იქნება. განვმარტოთ: თუ იტალიის ჩემპიონატის დიდი აღმოჩენა და საუკეთესო მცველი სადმე გადავა, ეს სავარაუდოდ ან „მანჩესტერ სიტი” იქნება ან „მანჩესტერ იუნაიტედი” — კლუბი, რომელიც ტრანსფერის ფულს ივლისის პირველ ნახევარში გადაიხდის. სხვა მხრივ დე ლაურენტისი მას არ გაყიდის. მაგრამ, თუკი ასეთი ტრანსფერი შედგება, „ნაპოლის” სალარო 55 მილიონი ევროთი შეივსება, რაც სამჯერ მეტია იმ 18 მილიონზე, რომელიც ჯიუნტოლიმ გასულ ზაფხულს კორეელის სანაცვლოდ „ფენერბაჰჩეს” გადაუხადა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ლაპარაკია დაახლოებით 40 მილიონ სუფთა მოგებაზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი კლუბი ნახავს.
პროგრამა – თუ სხვა კლუბებმა ნულიდან დასაწყებად სამშენებლო მოედნები მოაწყვეს და შენობის ასაგებად მუხლჩაუხრელი მუშაობა მოუწევთ, „ნაპოლის” პრესტიჟული ნაგებობის ფასადი აქვს შესაკეთებელი. დი ლაურენტისს კარგად ესმის, რომ ბაზარზე უპირატესობა მოიპოვა და ეს უპირატესობა იმ რაღაცაზე მეტია, რამაც სპალეტის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე მოაპოვებინა სკუდეტო. ეს არის ეკონომიკური უპირატესობა და არჩევანი, რომელიც „ნაპოლიმ” ჯიუნტოლის ხელში უკვე გააკეთა: თუ ჯიუნტოლი კლუბს დატოვებს, უკვე მოფიქრებულ ვარიანტებზე მოლაპარაკებებს სხვები გააგრძელებენ.
ალტერნატივა – თუ კიმი წავა, „აძური” შეეცდება „ატალანტადან” 2003 წელს დაბადებული ჯორჯო სკალვინი გადაიბიროს. ამ ფეხბურთელმა გასპერინის გუნდში დაამტკიცა, რომ სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია, ნახევარმცველობის ჩათვლით. უნდა ითქვას, რომ მის ნაცვლად ბერგამოელები დიდ თანხას ითხოვენ. 30 მილიონზეა ლაპარაკი. დე ლაურენტისი თავისას ცდის, მაგრამ ის აუქციონებში არასდროს მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სკალვინის ფასი ასეთი მაღალი დარჩება, „ნაპოლის” პრეზიდენტი სხვა ფეხბურთელის მოძებნას შეეცდება.
სავარაუდოდ, დე ლაურენტისი კვლავ შორეულ აღმოსავლეთს მიაკითხავს, რადგან ეს ბაზარი ძალიან პოპულარულია, მას კი დედამიწის ამ ნაწილიდან სპონსორები ჰყავს და კიდევ, იქაური ხალხი სხვანაირი შრომისუნარიანობით გამოირჩევა. სწორედ შორეული აღმოსავლეთიდანაა ძალიან საინტერესო ფიგურა, იაპონელი იროკი იტო, „შტუტგარტის” ცენტრალური მცველი, რომელიც მიმდინარე სეზონში სულ სასტარტო შემადგენლობაშია.
თუკი ბუნდესლიგაში შევყოვნდებით და იაპონელ ფეხბურთელებზე გავაგრძელებთ ლაპარაკს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 1997 წელს დაბადებული კო იტაკურა „მიონჰენგლადბახიდან”. ორივე ნახსენები ფეხბურთელი იაპონიის ნაკრების წევრია. მათ მარჯვნივ თამაში შეუძლიათ და შეტევაშიც კარგად მონაწილეობენ.
ტექნიკური თვალსაზრისით მათზე უფრო ძლიერია ავსტრალიის ნაკრების მოთამაშე კევინ დენსო, რომელიც 1998 წელს დაიბადა და „ლანსის” წევრია. ის ფიზიკურად მძლავრია (190 სანტიმეტრი), ორივე ფეხს თანაბრად ფლობს და დაცვაში ოთხ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ფეხბურთელები, რომლებიც „ნაპოლის” აინტერესებს, როგორც წესი ასეთი თვისებებით გამოირჩევიან და სწორიცაა, რადგან კიმის ისე შეცვლა, რომ ევროპაში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნო, ადვილი საქმე არ არის.
მორის ნიჩიტა, ლა გაძეტა დელო სპორტი





