ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, მადრიდში, „რეალმა” და „მანჩესტერ სიტიმ” 1:1 ითამაშეს. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა:
„თამაშის მიხედვით ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საპასუხო შეხვედრაშიც ასეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ. თუ მანჩესტერშიც ასე ვითამაშებთ, სახიფათო მომენტები აუცილებლად გვექნება. ფინალში გასვლის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მეტოქეს შინ თამაშის უპირატესობა აქვს, ჩვენ კი სტუმრად გამარჯვება გვეხერხება.
მას მერე, რაც დავწინაურდით, იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთ ვთამაშობდით. მათ ერთი განყენებული დარტყმით გაათანაბრეს. ჩვენი გამარჯვება უფრო სამართლიანი იქნებოდა. მსაჯს კი ყვითელ ბარათებთან მეტად თავშეკავებით მართებდა ყოფნა”.
შემდეგ სიტყვა მეორე ნახევარფინალურ წყვილზე ჩამოვარდა. მილანური დერბი ანუ „დერბი დელა მადონინა”:
„დერბი? Forza Milan! მახსოვს 2003 წლის გულსატკენი ნახევარფინალი. კარგია, რომ ევროპას ასეთი დიდი დაპირისპირება დაუბრუნდა. „ინტერისადმი” პატივისცემის მიუხედავად, მე ვამბობ: Forza Milan! იმედი მაქვს, რომ ფინალში სწორედ „მილანს” შევხვდებით”.





