გასულ უქმეებზე საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ლიგებში გამართულ მატჩებში 27-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ოთხმა ლელოს გატანა მოახერხა და ამ ოთხიდან სამს სახელად ბექა ჰქვია. გარდა ამისა, ესოდენ იშვიათი „ქართული“ ჯარიმები და გარდასახვა დაფიქსირდა…

ტოპ 14

No description available.ბექა საღინაძემ მისი „ლიონის“ და „პერპინიანის“ მატჩის 30-ე წუთზე თანაგუნდელთა უსწრაფესი, უნატიფესი, ზელანდიურ სტილში ხელდახელ ფლანგური კონტრშეტევა დააბოლოვა და გუნდის მსხვილ გამარჯვებაში 80-წუთიანი წონადი წვლილიც ჩადო. ეს იყო ბექა საღინაძის მე-3 ლელო მიმდინარე სეზონის მე-15 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატში 51 გამართულ მატჩში 7 ლელოა. ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ლიონი“ საპლეიოფო ექვსეულშია.

ბექა გორგაძე „პოს“ კაპიტანი და მენტალური ლიდერია. ეს გასულ ტურში კიდევ ერთხელ დადასტურდა – „კასტრთან“ საშინაო მატჩი ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა გორგაძემ თავისი გუნდი ჩინებული ლელოთი დააწინაურა. ამ ჩემპიონატში ბექამ უკვე მეხუთედ გამოიჩინა თავი (17 მატჩში), სულ კი მისი ფრანგული კარიერა 89 საჩემპიონატო მატჩსა და 12 ლელოს ითვლის. გორგაძემ საანგარიშო მატჩში 66 წუთი ითამაშა, მისმა თანაკლუბელმა გურამ პაპიძემ – ბოლო 23, ხოლო „პომ“ 40:3 მოიგო, ბონუსიც მიითვალა და ტოპ 14-ში დარჩენა ფაქტობრივად დაიბევა.

„ბრივამა“ გასვლაზე ჩემპიონი „მონპელიე“ 27:26 დაამარცხა, მაგრამ ამით მხოლოდ გადასასვლელი პლეი-ოფის იმედი დაიტოვა, თორემ კვლავაც ცხრილის ფსკერზეა. ამ მატჩში დამარცხებული მასპინძლების რიგებში სოლიდური პაუზის შემდეგ გელა აფრასიძე გამოჩნდა, რომელიც შეცვლაზე უკვე პირველი ტაიმის ბოლოს შევიდა. „მონპელიემ“ კი ამ მარცხით ტიტულის დაცვის თეორიული შანსიც დაკარგა.

No description available.დაბოლოს, „ტულუზმა“ ლექსო ყაულაშვილის „ბორდო“ 31:17 დაამარცხა და მინიმუმ მეორე ადგილი დაიბევა.

პრო დ2

მეორე ელიტური ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალისტობა „ოიონაქსმა“ და „გრენობლმა“ დაიბევეს. რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შემდეგ შესარჩევ ნახევარფინალში კი „მონ-დე-მასანი“ „აჟენს“ უმასპინძლებს, ხოლო „ნევერი“ – „ვანს“.

პრო დ2-დან ნასიონალში „მასი“ და „კარკასონი“ დაქვეითდნენ, ხოლო მათ ადგილებს მომავალ სეზონში „ალბი“ და „ბლანიაკი“ დაიკავებენ.

ახლა კი ბოლო ტურში თავგამოჩენილ ქართველებზეც ვთქვათ.

37 წლის ვეტერანი ბორჯღალოსანი ბექა შეყლაშვილი „კოლომიეში“ გამოსათხოვარ მატჩს ატარებდა, რომელიც დიდი ალბათობით მის კარიერასაც დაასრულებს. ჰოდა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა ბურჯმა ახალგაზრდობა გაიხსენა, საუცხოოდ ითამაშა და თავის გუნდს „მასის“ 47:14 განადგურებაში ლელოთი შეეწია. ამ სეზონში ეს იყო ბექას პირველი ლელო მე-7 მატჩში, სულ კი მისი ხანგრძლივი ფრანგული კარიერა 195 (!) მატჩსა და 8 ლელოზე შეჩერდა.

No description available.ლუკა გოგინავა შეყლაშვილზე მთელი 11 წლით ახალგაზრდაა და მისი კარიერული სტატისტიკაც, ცხადია, შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ საქართველოს U20-ის ყოფილმა წევრმა ბოლო ტურში ისეთი ლელო დადო, რომ მთელი საფრანგეთი აალაპარაკა. „გრენობლის“ ბურჯმა „ვანთან“ საშინაო მატჩის 28-ე წუთზე რაქიდან გამოტანილი ბურთი მიიღო და ლელოსკენ დაიძრა, მაგრამ რა დაიძრა! კაი 20 მეტრი ირბინა და გზად რაც შეხვდა, ყველაფერს გადაუარა, ანუ ვანელთა გუნდის ბარე ნახევარი ჩამოიშორა გზიდან. ეს იყო გოგინავას  პირველი ლელო სეზონის მე-16 თამაშში, სულ კი ამიერიდან მის ანგარიშზე 90 მატჩში 5 ლელოა.

გიორგი ჯავახიაც „ორიაკში“ ბოლო მატჩს ატარებდა – მომავალი სეზონიდან ბორჯღალოსანი მეორეხაზელი „გრენობლის“ კვართით ითამაშებს. ჰოდა, გიორგი აშკარად მოტივირებული იყო ბოლო მატჩში თავი გამოეჩინა. მან ეს თითქმის მოახერხა – 25-ე წუთზე ბიარიცელმა დამცველებმა „ორიაკის“ შემტევი მოლი ჩააქციეს და რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩათვალა, არადა ჯავახიამ იმავე წამს ბურთი ლელოში დაამიწა…

„ნევერმა“ ლაშა ჯაიანის 80-წუთიანი დახმარებით „მონტობანი“ 48:13 გაანადგურა და სტუმართა ამ 13 ქულიდან 8 თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც 2 ჯარიმა გაიტანა და თანაგუნდელის ლელოც გარდასახა. ამ სეზონის შემდეგ თედოს ფრანგულ ანგარიშზე უკვე 115 ქულაა სულ რაღაც 31 მატჩში.