ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ „ნაპოლის” მესამე ჩემპიონობასთან დაკავშირებით რადიო Kiss Kiss Napoli-ს მისცა ინტერვიუ. მანფრედიმ თქვა:

„ეს გუნდი ყოველთვის ამ ქალაქთან იყო გაიგივებული. ამჯერად მან განსაკუთრებული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც არაფერ შუაშია იმასთან, რასაც მავანნი ფიქრობენ. ნეაპოლი დიდი ქალაქია, დიდი ისტორიითა და მომავლით. „ნაპოლის” ჩემპიონობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ თუ ამ ქალაქში ნიჭს, ჟინსა და სწორ დაგეგმვას თავს მოუყრი, მსოფლიოში უძლიერესი გახდები”.

შემდეგ, მერმა ზეიმის ღამეს მომხდარი მკვლელობის შესახებ ილაპარაკა: „ეს დანაშაული კამორამ ჩაიდინა. მკვლელიცა და მოკლულიც კლანთან არიან კავშირში. ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ქუჩაში ბევრი ხალხი გამოდის. მათთვის ეს დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობაა. ვიღაც ხალხმრავლობას ადამიანის მოსაკლავად იყენებს, მაგრამ ამას, რასაკვირველია, ზეიმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ნაპოლის” ჩემპიონობის დღეს მართლაც საუცხოო ზეიმი მოეწყო. მართალია, ზოგმა ხელი იღრძო, ზოგმა მაშხალასთან გაუფრთხილებლობის გამო დამწვრობა მიიღო, მაგრამ ჯამში ჩვენმა მოქალაქეებმა ცივილიზებულობა გამოამჟღავნეს და სიამაყის საბაბი მოგვცეს”.