გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ვილიარეალთან” 1:1 ითამაშა. „ვილიარეალი” ყოჩაღობს, მე-5 ადგილზეა და თუ ეს პოზიცია შეინარჩუნა, მომავალ სეზონში ევროლიგის ჯგუფში მოხვდება. რაც შეეხება „ვალენსიას”, ის მოგეხსენებათ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის — მე-17 ადგილზეა და მართალია ეს გასავარდნთა ზონაზე ერთი საფეხურით მაღლაა, მაგრამ „ხეტაფეს”, რომელიც „წითელ ზონაშია” (მე-18 ადგილი), ამდენივე ქულა აქვს. პირველობის დასრულებამდე დარჩა 5 ტური. „ღამურებს” შემდეგი თამაში 14 მაისს „სელტასთან” აქვთ, სტუმრად.

ჩვენთვის ცხადია მთავარია, თუ როგორ ითამაშა მამარდაშვილმა. „ვილიარეალთან” შეხვედრაში ქართველი მეკარე AS-მა ასე დაახასიათა: „მატჩის სხვადასხვა მონაკვეთებში ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. რაც შეეხება „ვილიარეალის” გოლს, მასზე პასუხისმგებელი არ არის. ის ამ ეპიზოდში ვერაფერს გააწყობდა”.

რაც შეეხება შეფასებებს, whoscored.com-მა მას 6,7 ქულა დაუწერა (უფრო მაღალი შეფასება მისმა სამმა თანაგუნდელმა მიიღო), ხოლო flashscore.com-მა — 6,8 (უფრო მაღალი შეფასება ხუთ ვალენსიელს ერგო).