დიახ, „ნაპოლიმ” „სალერნიტანას” ვერ მოუგო, მაგრამ ემოცია, რომელიც მატიას ოლივერას გოლის დროს „სტადიო მარადონასა” და მის შემოგარენში ამოიფრქვა, განსაკუთრებული გამოდგა. საგანგებო აპარატურამ კამპი ფლეგრეიში (ნეაპოლის მუნიციპალიტეტის დასავლეთი მხარე) რიხტერის სკალით 2 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის ეფექტი დააფიქსირა.
ეს ნეაპოლის უნივერსიტეტის ინჟინერიისა და არქიტექტურის სტრუქტურათა დეპარტამენტის გუნდმა განაცხადა. საამისოდ, დეპარტამენტმა ტეკიოს მოედანზე მდებარე კოშკში აქსელომეტრები დაამონტაჟა. ეს გახლავთ საინჟინრო ფაკულტეტის ადმინისტრაციის ისტორიული შენობა, რომელიც „სტადიო მარადონასგან” რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს.