გასული სარაგბო უიქ-ენდის მთავარი ამბავი, რაღა თქმა უნდა, ევროთასების ნახევარფინალები იყო და მეტად სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ მატჩების შედეგად გაირკვა ბექა გიგაშვილის „ტულონის“ ჩელენჯ კაპის ზედიზედ მეორე ფინალისტობა, ხოლო სანდრო ქუნთელიას „ლა როშელი“ ჩემპიონთა თასის შენარჩუნებას ეცდება, რაშიც მას ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერი“ შეეცილება.
ჩემპიონთა თასი
მართალია, 20 წლის ქუნთელიას ამ გათამაშებაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს გამართული, თუ მისმა „ლა როშელმა“ თასი აიღო, სანდრო ასევე გახდება მისი მფლობელი. ნახევარფინალში ფრანგმა ატლანტიკისპირელებმა ნიკა აბულაძის „ექსეტერს“ უმასპინძლეს და ერთობ იოლად, 47:28 გაუსწორდნენ. 27 წლის ბორჯღალოსანი შეხვედრაში 48-ე წუთზე ჩაერთო და დამაჯერებლადაც ითამაშა, თუმცა ფრანგებმა მის გუნდს აშკარად აჯობეს.
მეორე ფინალისტი ირლანდიური „ლენსტერი“ იქნება, რომელსაც ეს თასი არაერთხელ აქვს მოგებული და ახლა ძველი დიდების დაბრუნებას ლამობს. ბორჯღალოსანი ამ გუნდსაც ჰყავს – ვახტანგ აბდალაძე, თუმცა 27 წლის ბურჯი ტრავმირებულია და ფინალშიც მისი მონაწილეობა საეჭვოა.
გადამწყვეტ მატჩში კი „ლენსტერს“ მასპინძლის უპირატესობა ექნება – ფინალი 20 მაისს 19:45-ზე დუბინის დიდებულ „ავივა სთედიუმზე“ დაიწყება.
ჩელენჯ კაპი
„ტულონმა“ შარშანდელი ფინალი ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონთან“ დათმო და წლეულს ამის გამეორებას აშკარად არ აპირებს, მით უფრო რომ შარშანდელთან შედარებით ბექა გიგაშვილის გუნდი უკეთაა დაკომპლექტებული და თამაშითაც უფრო მაღალ დონეზე დგას.
ნახევარფინალში ეს ნათლად დადასტურდა: მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-6 წუთზე ფრანგმა ვარსკვლავმა შარლ ოლივონმა წითელი ბარათი მიიღო, მისმა „ტულონმა“ იტალიელ სტუმრებს იოტისოდენა შანსი არ დაუტოვა. კაცნაკლულმა მასპინძლებმა ტრევიზოს „ბენეტონი“ 23:0 გაანადგურეს და ამ ანგარიშში საკუთარი წვლილი გიგაშვილმაც შეიტანა.
„ტულონის“ ორი ლელოდან ერთ-ერთი სწორედ გიგაშვილმა გაიტანა – მე-17 წუთზე რაქიდან ნამდვილი ბულდოზერივით შეუტია, ბურთიანად ლელოში რამდენიმე იტალიელი შეათრია და ბურთიანადვე დაამიწა. აქვე უნდა აღინიშნოს ტულონელი იტალიელის, 39 წლის ვეტერანის სერხიო პარისეს საოცარი თამაში – პირველი ლელო ზელანდიელმა დანკან პაიააუამ სწორედ პარისეს მიერ ფეხით შეცურების შედეგად გაიტანა.
ფინალში „ტულონის“ მეტოქე შოტლანდიური „გლაზგო უორიორსი“ იქნება, რომელმაც უელსში იქაური „სკარლეტსი“ იოლად დაამარცხა – 35:17. ამ ტურნირის ფინალი კი ხსენებულ „ავივაზე“ პარასკევს, 19 მაისს გაიმართება. დასაწყისი – 23:00.
პრო დ2
ორიოდე სიტყვა პრო დ2-ის ბოლოსწინა ტურსაც შევაწიოთ. იქ ისედაც თითქმის ყველაფერია გარკვეულია. დარჩა მეორე გასავარდნი გუნდის დადგენა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „მასის“ ბედის გაზიარება „კარკასონს“ მოუწევს, თუ ბოლო ტურში სასწაული არ მოხდა და მისი ადგილი „ანგულემმა“ არ დაიკავა.