საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა სტუმრად უნგრეთის ნაკრებთან ჩაატარა და 31:30 მოიგო.

ამ გამარჯვებით ტიტე კალანდაძის გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი საქართველომ 17:14 მოიგო. განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო წუთი გამოდგა. უნგრელები ერთი ბურთით იგებდნენ, ქართველმა ხელბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ მეტოქის შეტევა მოიგერიეს, ბოლო წამზე კი, 30:30-ზე, პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გიორგი ცხოვრებაძემ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 10-28 იანვარს, ჩატარდება.