„ვალენსიამ” ორი გამარჯვების შემდეგ უშუალო კონკურენტ „კადისთან” სტუმრად წააგო 1:2. ასეთ შეხვედრებს ექვსქულიანებს უწოდებენ, აქაოდა შენ ხომ სამს იგებ და მეტოქეს სამს აკარგვინებო.
სერხიოს ქვეშევრდომებმა პირველ ტაიმში მეტოქეზე ზეწოლა მოახდინეს, თავიანთ მოქმედებებში სახიფათო მომენტებიც გაურიეს და საბოლოოდ, 39-ე წუთზე, გონსალო ესკალანტემ ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე სერხიო გუარდიოლამ მეორეც გაიტანა, 51-ზე კი სამუელ ლინომ მასპინძელთა მეკარის, არგენტინელი ხერემიას ლედესმას შეცდომის წყალობით სხვაობა შეამცირა.
ლედესმამ მხოლოდ შეცდომით როდი დაამახსოვრა მაყურებელს თავი. მან მეორე ტაიმში რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა კი მდგომარეობა გაირთულა. თავად გიორგის თამაშზე შეგიძლიათ წარმოდგენა ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერიდან შეიქმნათ. flashscore-მა და whoscored-მა ქართველი მეკარის თამაში 6-ზე შეაფასეს.
„ძალიან დამწყვიტა გული იმან, რაც ჩემი ფეხბურთელების შესრულებით ვნახე. ჩვენ ვერ მივხვდით, თუ რას ითხოვდა ეს შეხვედრა ჩვენგან, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. როდესაც მეორე გოლი გავუშვით, მდგომარეობა ძალიან გართულდა. შემდეგ სისტემა შევცვალეთ და თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ შეხვედრისთვის ალღოს ასაღებად, სისტემის ცვლილება არ უნდა გჭირდებოდეს”, — თქვა მატჩის შემდეგ „ღამურების” სათავეში მხსნელის სტატუსით ჩამდგარმა რუბენ ბარახამ.