გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ვალიადოლიდს” 2:1 მოუგო. ამ შეხვედრის გმირი გახლდათ ყმაწვილი, რომელიც ორ კვირაში 20 წლის გახდება. მას ჰქვია ხავი გერა და ლა ლიგაში სულ 55 წუთი აქვს ნათამაშები. სწორედ გერამ შეაგდო მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ დროში, მე-4 წუთზე ის გოლი, რომელმაც „ღამურებს” სამი ქულა მოუტანა და ვინ იცის სწორედ ამ სამმა ქულამ გადაარჩინოს დიდი ისტორიის მქონე გუნდი სირცხვილს — გავარდნას. გერას გოლი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო.

არადა, „მესტალიაზე” შეხვედრა რომ დაიწყო, ყველა მაყურებელს ჯერ თავისი ადგილიც კი არ ჰქონდა დაკავებული, რომ სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ეს მე-6 წუთზე მოხდა, როდესაც მუკტარ დიაკაბიმ უწყინარ ვითარებაში თანაგუნდელის მიგორებული ბურთი ვერ დაიმორჩილა, ის კანადელ კაილ ლარინს მიუვიდა, ლარინი მამარდაშვილის საჯარიმოში შევარდა და მისგან მარცხენა ძელთან დაბლა, მილიმეტრებში შეაგდო. ქართველ გოლკიპერს რეაქცია არც ჰქონია. AS წერს:

„მამარდაშვილს მთელი მატჩის განმავლობაში საქმე არ ჰქონია. „ვალიადოლიდის” მიერ გატანილი გოლის დროს ვერაფერს გახდებოდა. მეტოქის გადმოგდებულ ბურთებზე ძალიან ყურადღბით იყო. ჯამში კარგად ითამაშა”.

„მარკა” გიორგის მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც ახსენებს: „ესკუდერომ ანგარიში კინაღამ 2:0 გახადა, როდესაც ფულკიემ ბურთი დაკარგა, მან კი ცენტრიდან დაარტყა, რადგან მამარდაშვილი თავის ადგილზე არ იდგა”. ესპანური გაზეთის მტკიცება, რომ ქართველი მეკარე თავის ადგილზე არ იდგა, საკამათოა, რადგან მამარდა მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე იმყოფებოდა (ცხადია, მწვრთნელის დავალებით) და ამ როლის შესრულებისას გამოჩენილი ყურადღების გამო AS-მა როგორც ზემოთ ნახეთ, შეაქო. ზოგადადაც, ძნელი წარმოსადგენია ათი ფეხბურთელი უტევდეს, მათგან მოწყვეტილი მეკარე კი 50 მეტრიანი ჩამორჩენით კარში იდგეს და შესაძლო სწრაფ კონტრშეტევას იქ ელოდოს. ანკი, ხშირად არტყამენ ფეხბურთელები კარში ცენტრიდან? ამ უიშვიათესი შემთხვევის შიშით გუნდი შუაში ხომ არ უნდა „გაწყდეს”.

მეკარის შეცდომა ის იყო, ხორდი მასიპს მე-60 წუთზე რომ მოუვიდა — ეგონა დიაკაბის მიერ თავით დარტყმული ბურთი კარს სცდებოდა და არ დაიჭირა. ბურთი კარში შევარდა.

ამ მოგების შემდეგ „ვალენსია” 33 ქულით მე-16 ადგილზეა. ის მომდევნო ტურში სტუმრად მე-17 ადგილზე მყოფ „კადისს” შეხვდება, რომელსაც 32 ქულა აქვს.