სკუდეტო უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ლუჩანო სპალეტი ერთ საინტერესო რეკორდთანაც არის ახლოს — მიმდინარე სეზონში, სადღეისოდ, მისი „ნაპოლის” მონაგარი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.51 ქულაა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მის წინამორბედებს არ ჰქონიათ. ედოარდო რეიამ „პარტენოპეელთა” თავკაცის კარიერა საუკეთესო სეზონში 1.31 ქულით დაასრულა.
ვალტერ მაძარამ სამი სეზონიდან პირველში 1.84 ქულის მოგროვება მოახერხა, მეორეში 1.60-ის, ხოლო მესამეში 2.05-ის.
რაფა ბენიტესმ, რომელსაც სპალეტისთან ჩინებული ურთიერთობა აქვს, „აძურის” მწვრთნელად ორი წელიწადი დაჰყო. პირველ სეზონში მისი მონაგარი გახლდათ 2.05, ხოლო მეორეში 1.65.
მაურიციო სარი რეკორდებს შეეთამაშა: 2015-15 წლებში მისი საშუალო მონაგარი იყო 2.15; 2016-17 წლების სეზონში — 2.26, ბოლოს 2017-18 წლების სეზონში კი 2.39.
კარლო ანჩელოტის შედეგი სარის ფონზე მოკრძალებული აღმოჩნდა — 2.07, ხოლო ჯენარო გატუზოსი — 2.05.
იმ შემთხვევაში თუ „ნაპოლი” „სალერნიტანას” მოუგებს, 32 ტურის შემდეგ დაუგროვდება 81 ქულა. ზემოხსენებულმა სარიმ „ნაპოლიში” გატარებულ პირველ სეზონში გუნდს 82 ქულა მოუტანა.
სალერნოელებთან შეხვედრის შემდეგ, სეზონის დასრულებამდე, სპალეტის თეორიულად კიდევ 18 ქულის დაგროვება შეეძლება. შესაბამისად, მას შეუძლია გადაამეტოს 91 ქულას, რომელიც „ნაპოლის” 2017-18 წლების სეზონში ჩემპიონობისთვის არ ეყო.