Federico Gatti of Juventus FC and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A football match between Juventus FC and SSC Napoli. Napoli...„ნაპოლიმ” სტუმრად დაამარცხა „იუვენტუსი” (1:0) და იტალიის ჩემპიონის ტიტულამდე ხელის ერთი გაწვდენაღა აკლია. შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. როგორი შეფასებები დაუწერეს მას სხვადასხვა პორტალებმა? სანამ რამდენიმე მათგანს მოგახსენებდეთ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნეაპოლური საიტები და გაზეთები შეფასების დროს უფრო ემოციით ხელმძღვანელობენ, ხოლო უცხოურები სტატისტიკასა და ანალიზს ეყრდნობიან. ნეაპოლურ პორტალებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ხვიჩას მიმართ თავშეკავებულობით გამოირჩევიან, მაგრამ არინ ისეთებიც, რომლებიც ქართველი გარემარბის თამაშში დადებითის დანახვას ცდილობენ.

ილ მატინო — 6 

როდესაც გატიმ სახეში მიარტყა, მსაჯს ჯარიმაც კი არ დაუნიშნავს, ის კი მოედანზე დახმარებისთვის ლამის ერთი წუთი იწვა. დრიბლინგს არ ცდილობდა, როდესაც ბურთს მიიღებდა, უნდოდა მოეშორებინა. დაარტყა სახიფათო ჯარიმა — დანილომ ბურთი თავით გადააგდო კარის ხაზს მიღმა. მეორე ეპიზოდში შუაში დაარტყა და შჩესნიმ მოიგერია.

(„ილ მატინოს” ვერსიით კვარაცხელიამ რაჰმანიმ, ჟელინსკიმ, ლოსანომ და ნდომბელემ ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურეს) 

tuttonapoli — 6.5 

როგორც ყოველთვის ძიებაში იყო. თამაშის განმავლობაში 73-ჯერ შეეხო ბურთს. მისი მომდევნო ნაბიჯის ამოცნობა შეუძლებელი გახლდათ. მან მოიფიქრა რამდენიმე ღირებული გაგრძელება, ჯიქურ შედიოდა ორთაბრძოლებში კუარდადოსთან, მიხვდა მისგან რა ხიფათიც მოდიოდა და როდესაც ის ვარდებოდა, წამოდგომას სთავაზობდა. მართალია, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია, მაგრამ მოედნის იმ მონაკვეთზე სადაც კვარაცხელია იყო, რამდენიმე მეტოქე მიჰყვებოდა. როგორ შეიძლება ასეთი ფეხბურთელი უარყოფითად შევაფასოთ?

areanapoli — 6.5 

ორმაგი, სამმაგი, ჯავშნიანი დაცვა… რაც უფრო მეტად ტვირთავდნენ თანაგუნდელები, მით უფრო მჭიდროდ ეკვროდნენ გარს შავ-თეთრები. კვადრადოს სიმულაციებს არ წამოეგო. რამდენჯერმე შესთავაზა კიდეც წამომდგარიყო. ეს იყო კვარაცხელიას მორიგი გამოცდა, თუ რამდენად დაღვინდა ის. ყოველთვის წარუშლელ კვალს ვერ დატოვებ. ხშირად მეგობრებს მხარში უნდა ედგე და ეხმარებოდე. გმირია!

calciomercato — 6.5

გენიალური გამონათებები ჰქონდა. სამი ქულის მომტანი მოქმედება არ შეუსრულებია, მაგრამ ცხადად აჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვერ-გატანილი პენალტის სიმძიმეს მხრებიდან იბერტყავს.

რაც შეეხება უცხოურ პორტალებს, flashscore-მა კვარაცხელიას 7.3, ხოლო whoscored-მა 7.2 ქულა დაუწერა.