„ლაციოს” მოულოდნელმა საშინაო მარცხმა „ტორინოსთან” (0:1) სერია A-ს ისევ აურია გზა-კვალი. ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი?

მოგეხსენებათ, დღეს „აძური” ტურინში თამაშობს, „იუვენტუსთან”. თუ „ნაპოლი” „ბებერ ქალბატონს” მოუგებს, მისი უპირატესობა „ლაციოსთან” 17 ქულამდე გაიზრდება. „იუვენტუსთან” სხვაობა კი 19 ქულა გახდება.

მოვლენათა როგორი გაგრძელება იქნება საუკეთესო „პარტენოპეელთათვის”? იდეალურ შემთხვევაში, თუ დღეს „იუვესთან” გაიმარჯვებს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები შესაძლოა 29 აპრილს, „სალერნიტანასთან” შეხვედრაშივე გახდნენ ჩემპიონები.

ამ შეხვედრაში „ნაპოლის” რასაკვირველია გამარჯვება სჭირდება, აი, „ლაციომ” კი უნდა წააგოს ან ფრედ მაინც უნდა ითამაშოს — „ბიანკოჩელესტი” მეორე დღეს „სან სიროზე”, „ინტერს” ხვდება.

„სალერნიტანასთან” მატჩის შემდეგ დარჩენილი იქნება 6 ტური, რაც მაქსიმუმ 18 ქულას ნიშნავს. სერია A-ს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა გუნდი, რომელიც სკუდეტოს ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე მოიგებდა. ასე რომ, თეორიულად კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეუძლიათ.

The SSC Napoli players celebrate after the Serie A match between SSC Napoli and Juventus at Stadio Diego Armando Maradona on January 13, 2023 in...