საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში მესამე მატჩი მასპინძელ ესპანეთთან გამართა და 0:2 დამარცხდა.
ესპანეთი და ჩვენ აქამდე ქულადაუკარგავად მივდიოდით და ერთმანეთში ჯახს ბევრი რამ უნდა გაერკვია.
პირველი პერიოდის შემდეგ 0:0 იყო, მასპინძლებმა მეორე პერიოდის დასაწყისში გაგვიტანეს. ჩვენები ცდილობდნენ თამაშის შემოტრიალებას, ბოლოს სულაც ვა ბანკზე წავიდნენ, მეკარე წინ მოთამაშე ჰოკეისტით შეცვალეს. ამით კი ესპანეთმა მატჩის დასრულებამდე წამით ადრე იხეირა და დაუცველ კარში მეორეც გაგვიტანეს.
დღესვე ჩვენივე ჯგუფში ხორვატიამ 12:1 დაამარცხა ისრაელი, ხოლო ისლანდიამ 4:2 მოუგო ავსტრალიას. სამი ტურის შემდეგ ესპანეთსა და ხორვატიას 9-9 ქულა აქვთ; საქართველოს – 6; ისლანდიას – 3; ავსტრალიასა და ისრაელს – 0. მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს 21 აპრილს, ხორვატიის ნაკრებთან აქვს.