Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli, Filippo Terracciano of Hellas Verona FC battle for the ball during the Serie A match between SSC Napoli and...მართალია ბურთის ფლობაში „ნაპოლის” დიდი უპირატესობა ჰქონდა (80%-20%), მაგრამ „ვერონას” მობილურმა და ძალიან კომპაქტურმა თამაშმა მისი ამბიციები დათრგუნა. სკუდეტოს აღსანიშნავად დაგეგმილი ზეიმი ცოტა გადაიდო, თუმცა ცხრილში უპირატესობა კვლავ შთამბეჭდავია —  14 ქულა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი გონებით ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან” შეხვედრაზე იყო გადართული. ვიქტორ ოსიმენის მოედანზე დაბრუნება კი იმას ნიშნავდა, რომ სამშაბათს ის უეჭველად ითამაშებს.

„ოსიმენს ისეთი ფიზიკური სტრუქტურა აქვს, რომ შეგიძლია ბურთი გადაუგდო როგორც პირდაპირ, ასევე სივრცეში. ის თავით თამაშშიც ძლიერია. რასპადორი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ არის პასები, რომელთა მიდევნება უჭირს. ვიქტორი ხალხს უყვარს. როდესაც ის მოედანზეა, ყველა ენთუზიაზმით ივსება. მისნაირი ფეხბურთელები სხვა მასალისგან არიან შექმნილები. ისინი ჩვეულებრივები არ გახლავან. ის თამაშს ყველა საჭირო თვისებით ავსებს,” — თქვა მწვრთნელმა Dazn-თან ინტერვიუში თამაშის შემდეგ.

ამასობაში კლუბსა და გულშემატკივარს შორის მშვიდობა ჩამოვარდა, რამაც სტადიონზე ენთუზიაზმი დააბრუნა.

„ისევ ოთხი თამაშის მოგება გვჭირდება, — განაგრძო სპალეტიმ, — და ამდენად ქომაგების მხარდაჭერა ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონში სტუმრად გვქონდა შესანიშნავი თამაშები, სადაც მეტოქის გულშემატკივრის ხმა არც კი ისმოდა. ასეთი რამ ჩვენნაირ გუნდს თამაშის ხარისხს ჰმატებს. ფეხბურთელები მეტ ძალას გრძნობენ. ზეიმი ტრიბუნებზე მიმდინარე სეზონის თანმდევი გვირგვინი იყო. დაე, თავს ფეხბურთის დიდ სიყვარულში ჩაძირვის უფლება მივცეთ, თუმცა წარმატების ნიშნად დროშების ფრიალი ცოტა ადრე მოგვივიდა. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის გულშემატკივრის მადლობელი დავრჩებით. თუ გმირობის ჩადენას შევძლებთ, ჩვენ ქალაქის კედლებზე გამოგვსახავენ და ყველანი მარადონები გავხდებით”.

ახლა კი მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ გადადის.

„ამ თამაშს სრული მობილიზება სჭირდება, მხოლოდ ბურთის კარგად გორება საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ გუნდი ვართ ამ სიტყვის ფართე გაგებით. უნდა ვიყოთ დაღვინებულები, ჩვენი ფილოსოფიის ერთგულნი, სრულიად დაბალანსებულები. მოწინააღმდეგეს ძლიერი პრესინგი და მეურვეობა უნდა დავუწესოთ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ეს შეხვედრა, უნდა იყოს მეტი, ვიდრე „მილანთან” ჩვეულებრივი შეხვედრა. ძალიან ბევრ რამეს უნდა წესრიგში მოყვანა, — თქვა მწვრთნელმა და დასძინა, რომ „ვერონასთან” შეხვედრაში მისი გუნდი სივრცეების ძებნაში ეფექტური არ იყო, — „ჯალობლუმ” უკნიდან ითამაშა, ამიტომ ჩვენი მოკლე პასების ქსელს სადმე შეტევისთვის ფართობი უნდა გამოენახა. შეტევისას ღრიჭო უნდა მოგვეძებნა, მაგრამ ვერ შევძელით. ბურთის ფლობას ბალანსი სჭირდება. ის არც ნელი უნდა იყოს და არც ჩქარი. საჭიროა მარტივი და ჩვეულებრივი პასები, ბურთს ძალიან ბევრჯერ არ უნდა შეეხო. ზედმეტი სისწრაფის გარეშე. უნდა აჩქარდე მხოლოდ მაშინ, როდესაც გამწვავებისთვის ადგილი ჩნდება. მაშინ უნდა შევარდე კიდეც და მოქმედება დაასრულო”.

სალვატორე მალფიტანო, ლა გაძეტა დელო სპორტი