„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან.
ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებს აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხებინა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ეს გარემოება თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, ქართველ მორაგბეებთან ჩილელთა ჯახი ალბათ ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო ჩვენი ბიჭებისთვის და ეს მოლოდინი 100%-ით გამართლდა.
ეს თამაშიც მონტევიდეოში მშვენიერ სტადიონზე გაიმართა, ოღონდაც ამჟამინდელი მსაჯი ერთობ დაბალი კვალიფიკაციის გამოდგა – იმდენჯერ დააჯარიმა ორივე გუნდის მორაგბეები, ბოლოს მათ აღშფოთებაც კი შეყვიტეს და შეგუება ამჯობინეს. თავად განსაჯეთ – რეფერიმ თამაშის წესების დარღვევა რამდენიმე ათეულჯერ დააფიქსირა…
ასეა თუ ისე, ჩილელებს საკმაოდ კარგი გუნდი აღმოაჩნდათ და ეს ჩვენი მორაგბეებისთვის აშკარად ახალი გამოცდილება იყო. „შავ ლომს“ არსებობის მანძილზე ასეთ სწრაფ გუნდთან ალბათ პირველად მოუწია დაპირისპირება. ფიზიკურად ქართველები ამერიკელებს აშკარად აღემატებოდნენ, შერკინებასა და დერეფანში მთელი 80 წუთი დომინირებდნენ, დროდადრო ხელდახელ თამაშსაც ახერხებდნენ საკმაოდ მაღალ დონეზე, მაგრამ ეს მსაჯი…
პირველი ტაიმი ქართველებმა 21:10 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთი ლელო-გარდასახვა მიითვალეს და 18-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 28:10. მაგრამ „სელკნამი“ სწორედ ამის შემდეგ მოიქოქა, ჩილელები დაქროდნენ მინდორზე და ლევან მაისაშვილის ბიჭები რაღაც პერიოდი მათ შეჩერებას ვერაფრით ახერხებდნენ. შედეგად, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე წინ უკვე „სელკნამი“ იყო – 30:28.
თუმცა, მაინც იგრძნობოდა, რომ ქართველთა გუნდი უფრო მაღალი კლასისა იყო, რაც ბოლოს დადასტურდა კიდეც – ჩილელთა ჩათვლის მოედნის ხანგრძლივი შტურმი აკა ტაბუცაძის საფირმო გაქცევითა და ბურთის დამიწებით დაგვირგვინდა – 33:30.
„შავი ლომს“ მომავალი მატჩი არგენტინაში აქვს – 22 აპრილს იქაურ „პამპასს“ შეერკინება.