No description available.… გასულ უქმეებზე ევროპული სარაგბო საკლუბო თასების მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და შესაბამისად, თითოეული თასის მაძიებელთა რაოდენობა 4 გუნდამდე დავიდა. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა თასზეც და ჩელენჯ კაპზეც ე.წ. ქართული გუნდები შემორჩნენ.

ჩემპიონთა თასი

ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ ინგლისურ „ლესტერ ტაიგერსს“ დიდი ანგარიშით სძლია – 55:24. აბდალაძეს ირლანდიელთა რიგებში არ უთამაშია.

ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელმა“ თასის შენარჩუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა – ინგლისურ გრანდ „სარასენსს“ 24:10 მოუგო, თუმცა საქმე აქაც ქართველი ბურჯის გარეშე მოგვარდა.

აი, ნიკა აბულაძემ კი აქტიური მონაწილეობა მიიღო „ექსეტერის“ მიერ სამხრეთაფრიკული „სთორმერსის“ 42:17 დამარცხებაში. ინგლისური კლუბის 27 წლის ახალწვეული ბურჯი შეხვედრაში 53-ე წუთზე მარქაფიდან ჩაერთო და ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.

დაბოლოს, საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა „ტულუზმა“ კიდევ ერთ აფრიკულ ფრენჩაიზს – „შარქსს“ უმასპინძლა, რომლის შერკინებასაც ლეგენდარული ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძე წვრთნის. ევროპელებმა ამ ჯერზეც იყოჩაღეს – 54:20.

No description available.ამრიგად, 29 აპრილს, 18 საათზე,  დუბლინის ლენსდაუნ როუდზე მდებარე დიდებულ „ავივაზე“ სტარტს ადგილობრივი „ლენსტერისა“ და ფრანგული „ტულუზის“ შეხვედრა აიღებს, ხოლო 24 საათის შემდეგ, ასევე მშვენიერ არენაზე, ბორდოს „მატმუტ-ატლანტიკზე“ ერთმანეთს „ლა როშელი“ და „ექსეტერი“ შეერკინებიან.

ჩელენჯ კაპი

ამ ტურნირის მეოთხედფინალშიც ერთადერთმა ჩვენებურმა ითამაშა და წარმატება მის გუნდსაც ხვდა წილად. საუბარია ბექა გიგაშვილსა და მის „ტულონზე“. ამ ტურნირის შარშანდელმა ფინალისტმა მოქმედ მფლობელს შანსი არ დაუტოვა – „ტულონმა“ „ლიონს“ საშინაო მატჩში 48:23 მოუგო და ბორჯღალოსანმა ბურჯმა პირველიდან 50-ე წუთამდე ჩვეულად, უმაღლეს დონეზე ითამაშა.

აი, ლიონელებს კი ქართველები არ დახმარებიან. ბექა საღინაძე მწვრთნელმა დაასვენა, ხოლო დავით ნინიაშვილმა ტრავმა ერთი კვირით ადრე, „სტად ფრანსესთან“ რკენაში მიიღო და სამწუხაროდ, მისი დაზიანება გაცილებით სერიოუზლი გამოდგა, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდები. 20 წლის ქართველ ვარსკვლავს კოჭი ჰქონია მოტეხილი, უახლოეს დღეებში მას ოპერაცია ჩაუტარდება, ანუ მიმდინარე სეზონში მისი თამაში გამორიცხულია. რაც შეეხება დათუნას სანაკრებო გეგმებს, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ტემპით წარიმართება აღდგენითი პროცესი. თავად ნინიაშვილი ამბობს, მსოფლიო თასისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებიო და ღმერთმა უსმინოს…

No description available.დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი ძმანაშვილის „კლერმონი“ მოულოდნელად გამოეთიშა ტურნირს – უელსურ „სკარლეტსთან“ სტუმრად 30:32 დამარცხდა.

კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო ნახევარფინალში ტრევიზოს „ბენეტონის“ გასვლა – იტალიურმა კლუბმა უელსურ „კარდიფს“ დრამატულ ბრძოლაში  27:23 აჯობა.

შოტლანდიურმა „გლაზგო უორიორსმა“ საშინაო მატჩში სამხრეთაფრიკელთა ბოლო იმედი „ლაიონსი“ 31:21 დაამარცხა.

ჰოდა, 28 აპრილს „მაიოლზე“ „ტულონი“ „ბენეტონს“ მიიღებს, „პარკ სკარლეტსზე“ კი იმავე სახელწოდების უელსური ფრენჩაიზი „გლაზგო უორიორსს“ უმასპინძლებს.