„ლაციომ” „იუვენტუსი” დაამარცხა 2:1 და სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზე მყარად დაფუძნდა — მართალია, „ნაპოლის” 16 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ „რომას” 5-ით უსწრებს. ამრიგად, რომაელებისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ოცნების საგანს აღარ წარმოადგენს. მათი ამოცანა უკვე მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებაა.
„ლაციოს” თავკაცმა მაურიციო სარიმ Dazn-ის მიკროფონის წინ „ბებერ ქალბატონთან” გამარჯვებასა და რამდენიმე სხვა საკითხზე ილაპარაკა.
„ვამაყობ, როდესაც ჩემი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებას ვუყურებ. სასიამოვნო იყო იმ დაჟინების ცქერა, რომელიც მათ მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოამჟღავნეს. მე დავინახე სხვა მიდგომა და აგრესია, რამაც ნასიამოვნები დამტოვა. გარედან „ლაციოს” გაგება ძნელია, მაგრამ როდესაც ეხები, ის გითრევს, თავის წევრად გაქცევს, გიძლიერებს შეგრძნებას, რომ მას ეკუთვნი. ასეთი თვისება სულ რამდენიმე კლუბს აქვს”, — თქვა სარიმ და კონკრეტულად „იუვესთან” მატჩის შესახებ განაგრძო ლაპარაკი, — როდესაც ყველა თავდადებით თამაშობს, სხვა გუნდი ვხდებით. სერგეი მილინკოვიც-სავიჩის გოლი? შორიდან ვინმეს შეიძლება მართლა მოსჩვენებოდა, რომ მან წესი დაარღვია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყურადღება სხვა რამეზეა გასამახვილებელი — „იუვენტუსს” თამაში 9 კაცით უნდა დაესრულებინა. კერძოდ, მსაჯს ლოკატელისთვის ყვითელი კი არა, წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა. კვადრადოც გაძევების პირას იყო. ამას ამტკიცებს ის, რომ მწვრთნელმა იგი დაიცვა და მოედანს მალე გაარიდა.
უნდა მიიწვიონ თუ არა მატია ძაკანი ნაკრებში? მოდი ეს ეს საკითხი ჩვენ დაგვიტოვეთ. სერია A-ში ის სტაბილურია, ევროთასებზე კი ჩავარდნა ჰქონდა.
გავძლიერდით თუ არა მენტალურად? ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც კვირაში სამ თამაშიანი სეზონი დაგვეწყება.
ქულები? ჯერ კიდევ 27 ქულა უნდა გათამაშდეს და წინ ურთულესი მატჩებია”



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

