„ლეჩესა” და „ნაპოლის” 29-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელიც დღეს „ვია დელ მარეზე” გაიმართება, „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ პრეს-კონფერენცია გამართა.
„სრულყოფილი არავინ არის. როგორც ყველას, ჩვენც გვაქვს ნაკლი. წინა ტურში ნეაპოლში ჩამოსულ „მილანს” როგორც ჩანს მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი ამ შეხვედრას ვუყურებდით, როგორც სათადარიგოს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ. გადამწყვეტი სწორედ ეს გამოდგა — სხვადასხვა მოტივაცია. ჩვენ ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა. ახლა თავს კარგად ვგრძნობთ. ვიცით, რომ წინ უმძიმესი შეხვედრები გველის. სკუდეტოს იოლად ვერ დავიბრუნებთ. სანამ ჩემპიონობამდე თუნდაც ერთი ქულა დაგვაკლდება, ვერ ვიტყვით, რომ რამეს მივაღწიეთ. ტიტულის მოსაგებად ყველა შეხვედრაში გამარჯვება არ არის აუცილებელი”, — თქვა სპალეტიმ.
„ლეჩესთან” მატჩის შესახებ
ფუნდამენტური შეხვედრაა. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი თამაშის ხარისხს. ეს იქნება ტესტი, რომელშიც თითოეული ფეხბურთელის მოქმედება გუნდის სასიკეთოდ უნდა იყოს მიმართული. ეს განსაკუთრებით იმიტომ არის საჭირო, რომ ბოლო მატჩმა გარკვეული ეჭვები გააჩინა. ყველამ პარტნიორზე უნდა იფიქროს. ჩვენ ასეთი განწყობით გავალთ მოედანზე. გუნდური სულისკვეთება უნდა დავიბრუნოთ.
„ლეჩე” შესანიშნავად მომზადებული გუნდია, რომელიც მოედანზე ძლიერად თამაშობს. ბოლო პერიოდში მან რამდენიმე მარცხი იწვნია, მაგრამ მეტს იმსახურებდა. როდესაც ბურთს არ ფლობს, ეს გუნდი ტოტალური ფეხბურთის იდეას მისდევს. „ლეჩე” წარმოუდგენლად მოტივირებულია. სხვაობა ჩვენს და მათ საფეხბურთო ფასეულობათა შორის აშკარაა, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ფასეულობები მართლა გვაქვს.
ოსიმენის მდგომარეობის შესახებ
„ლეჩესთან” ვიქტორი არ ითამაშებს. ჩვენ გვაფიქრებს იქნება თუ არა ის „მილანთან”. საბოლოო პასუხისთვის შემდეგ კვირამდე უნდა დავიცადოთ.
შეიცვლება თუ არა შემადგენლობა
სასტარტო თერთმეტეულში გარკვეულ ცვლილებებს ვაპირებ.
როგორ მოემზადა გუნდი
თვალნათლივ ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. გასულმა კვირამ კარგად ჩაიარა. ბიჭებმა ჩინებულად ივარჯიშეს. დიდებული იყო ის ფრაზები, რომლებიც ვარჯიშებზე მესმოდა.
რასპადორის შესახებ
ყველაფერს სწორედ ვაკეთებთ. „მილანთან” მოედანზე გატარებულმა ოცმა წუთმა მისი ჯანმრთელობის აღდგენის პროცესი დაასრულა.
ქულები „მარადონაზე” და მის გარეთ
ამაზე ბევრს ვფიქრობთ. ვიცი, რომ სკუდეტოს დასაუფლებლად 5 მოგება გვჭირდება. ბოლო წლებში ბურთზე ვიყავი დამოკიდებული. ის ხან საჭირო მიმართულებით მოგორავდა და ხან არა. ამის შესახებ ფეხბურთელებს ხშირად ველაპარაკები. გუნდმა იცის რა არის სწორი და რა არა. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, განსაკუთრებით „მილანთან” დამარცხების შემდეგ. რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენი საქმე თავად უნდა გავაკეთოთ. სხვა არავინ დაგვეხმარება. დარჩა 5 გამარჯვება.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

