Simon Kjaer of AC Milan, Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battle for the ball during the Serie A match between SSC Napoli and AC Milan at Stadio...„მილანმა” „ნაპოლი” დაზაფრა — 4:0 და რაც მთავარია მის თამაშში ბზარი გამოაჩინა. მართალია, „აძური” სერია A-ს კვლავ შთამბეჭდავად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც არის გასული, მაგრამ მისი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ბოლო ერთ თვეში „ლაციოს” თავკაც მაურიციო სარისთანაც დამარცხდა და „მილანის” თავკაც სტეფანო პიოლისთანაც. როგორც „კორიერე დელო სპორტის” მიმომხილველი ალესანდრო ბარბანო წერს, ორივემ მისი ერთი და იგივე სისუსტე გამოიყენა.

ბარბანოს აზრით, სარიმაც და პიოლიმაც სპალეტის ნახევარდაცვაში აჯობეს. მათ მოედნის ამ მონაკვეთში „ნაპოლის” აწყობილი თამაში ჩაშალეს. როგორ? დაცვის ხაზის ძალიან წინ გამოწევის გზით. „ლაციოს” და „მილანის” მწვრთნელებმა შეძლეს, რომ მოედნის შუაგულში, ნებისმიერ ცისფერმაისურიან ფეხბურთელზე მათი სამი-ოთხი კაცი მოდიოდა. ისინი ახშობდნენ ყველას, იქნებოდა ეს კვარა თუ სხვა — უფრო მეტად ჟელინსკი. პირველ ტაიმში „მილანმა” ფაქტობრივად ერთი თავდამსხმელით ითამაშა, რადგან ლეაო და ბრაიმ დიასი დაცვის დასახმარებლად უკან ჩამოდიოდნენ.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენის არყოფნას, მან „ნაპოლის” ალტერნატივა წაართვა. ნიგერიელის გარეშე ნეაპოლელებს მოულოდნელობის ეფექტი დააკლდათ. სიმეონე? ის სულ სხვა სტილის ფეხბურთელია.

შემდეგ კი ბარბანო წერს, რომ სპალეტი ვალდებულია გამოსავალი მოიფიქროს და „ნაპოლიზე” „მილანთან” წაგებამ დამთრგუნველად არ უნდა ითამაშოს.