
ახლოვდება ზაფხული ანუ სატრანსფერო სეზონი და ნეაპოლელ გულშემატკივარს შიში იპყრობს — ვიქტორ ოსიმენი არავინ წაართვას. არადა ფაქტია, რომ ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებას უამრავი კლუბი შეეცდება და „ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს დიდი ცდუნებების გაძლება მოუწევს.
ამასობაში ოსიმენმა, რომელიც ეროვნული გუნდის შეკრებაზეა, გაიხსენა 2017 წელი, გერმანულ „ვოლფსბურგში” გადასვლის წინა პერიოდი: „2017-ში, გერმანიაში გამგზავრების წინ „არსენალი” მეპატიჟებოდა. პირადად არსენ ვენგერმა დამირეკა. მას უნდოდა, რომ ლონდონში ჩავსულიყავი, მაგრამ უარი ვუთხარი”.
როგორც ირკვევა ნიგერიელის ნიჭისა და უნარის შესახებ იმთავითვე ბევრ კლუბს მოეხსენებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა ყველა უარით გაისტუმრა.
„კიდევ იყვნენ „ბარსელონა”, „ინტერი”, „ატლეტიკო”, „იუვენტუსი” და სხვები, მაგრამ მე მათ უარი ვუთხარი, რადგან ლოდინი არ შემეძლო. მე მჭირდებოდა გუნდი, რომელიც პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში ჩამსვამდა”, — თქვა ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორმა „პარტინოპეელთა” თავდასხმაში.
ნიგერიელმა „არსენალს” უარი უთხრა, მაგრამ მისი პრემიერლიგაში გადასვლა გამორიცხული მაინც არ არის, რადგან ელიან, რომ ზაფხულში მის ყიდვას „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეეცდებიან.





