თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო.
დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალი ქართული გამოვიდა – ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაეჭიდნენ. ბექაურმა თავიდანვე ვაზარი აიღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მაისურაძემაც ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ოლიმპიურ ჩემპიონთან ვერაფერს გახდა.
100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძის მეტოქე მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუიაგი იყო. ჩვენებური აქაც ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ ერთ მომენტში მარცხს გადაურჩა, როდესაც მეტოქეს შებოჭვიდან დაუსხლტა და საქმე ოქროს მედლამდე მიიყვანა.
მძიმე წონის ფინალში გელა ზაალიშვილი თურქ მუნირ ერთუგს დაეჭიდა და ლამაზი გდებით დასცა.
ჯამში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

