In the US they are not capable: "in May Kvaratskhelia played in the 543rd club in Europe"ამერიკელებს ვერ მოუნელებიათ, რომ „ნაპოლიმ” ფენომენალური ფეხბურთელი მსოფლიოს 543-ე კლუბში იპოვა და მასში სულ რაღაც 11,5 მილიონი ევრო გადაიხადა, — წერს ilnapolista. ცხადია, ლაპარაკია ევროპულ ფეხბურთში მეტეორივით შევარდნილ ხვიჩა კვარაცხელიაზე. იტალიური პორტალი ESPN-ის წერილს მიმოიხილავს, რომლის ავტორებიც გაოცებას არიან, რომ გასულ მაისში არავინ იცნობდა მოთამაშეს, რომელიც თურმე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ყოფილა.

„2022 წლის 24 მარტს ფეხბურთელმა, რომლის შესახებაც ნამდვილად არაფერი გექნებოდათ გაგონილი, გააფორმა კონტრაქტი კლუბთან, რომლის სახელიც ყურს გაკვრით თუ ხვდებოდა ხოლმე. და ის თითქმის მყისიერად იქცა არა მხოლოდ ცნობილ მოთამაშედ, არამედ იმ ფიგურად, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ის გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. თან, ჯერ მხოლოდ მარტია”, — წერს ESPN, რომელიც აზუსტებს, რომ მიმდინარე სეზონში, ევროპაში, გოლებსა და პასებში კვარას მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი სჯობია: ნეიმარი, ერლინგ ჰოლანდი, ვიქტორ ოსიმენი და ლეო მესი.

„ეპოქაში, როდესაც „რეალი” ყოველ წელიწადს ამა თუ იმ ბრაზილიელ ყმაწვილში ათეულობით მილიონ დოლარს იხდის, „ბარსელონა” აქცენტს აკეთებს ჭაბუკ ნახევარმცველებზე, რომელთაც კონექტიკუტში ჯერ მანქანასაც არ მიაქირავებენ, 18 წლის კილიან მბაპე კი „პარი სენ ჟერმენს” 180 მილიონი ევრო დაუჯდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თურმე „ერონულ ლიგაში”, ევროპის 543-ე გუნდში (ClubElo.com-ის თანახმად) თამაშობდა.

როგორ მოხდა, რომ კვარა ვერავინ შეამჩნია?

რუსეთში ქართველი ფეხბურთელი ისე კარგად ვერ თამაშობდა. „ნაპოლიში” ათამაშდა. მონაცემთა დამუშავებისა და სკაუტინგის კომპანიის Mrkt Insights-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტიმ კიჩმა, რომლის ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს კლუბებთან თანამშრომლობს, თქვა: „სერია A-ში მის ასეთ გამოსვლას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. თქვენ რომ შეგესწავლათ კვარაცხელიას გოლები და საგოლე პასები მიმდინარე სეზონამდე, დაასკვნიდით, რომ ის ძალიან ნიჭიერი, მაგრამ არასტაბილური გარემარბია. კვარაცხელია ყოველთვის გამოირჩეოდა დრიბლინგით და მეტოქეების მოტყუების სურვილით”.

იტალიაში რაღა მოხდა? კიჩი ამბობს, რომ აქ ამოქმედდა ასპექტი, რომელსაც ხალხი რატომღაც ნაკლებად აქცევს ყურადღებას: „ის უბრალოდ უკეთეს გუნდში გადავიდა”.

კვარა ის ფეხბურთელია, რომელმაც აშკარად ყველაზე თვალსაჩინო ზრდა განიცადა, მაგრამ ის მატრო არ არის. „ბრაიტონის” ყმაწვილი ნახევარმცველი მოისეს კაისედო ინგლისელებმა პირდაპირ ეკვადორიდან იყიდეს, კაორუ მიტომა კი უცნობი იაპონელი გარემარბი გახლდათ, რომელიც ბელგიაში თამაშობდა და 23 წლამდე პროფესიული კონტრაქტი არც ჰქონია. ისინი ჯამში 8 მილიონ ევროდ შეიძინეს და უკვე პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. „იუნიონ ბერლინის” ნახევარმცველი აისა ლაიდუნი რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კლუბიდან წამოვიდა და ასე შემდეგ”

ჩამოთვლილი ფეხბურთელების კვარაცხელიასთან შედარება რამდენად სწორია, ვერ გეტყვით. შესაძლოა სკაუტინგის კომპანიები უბრალოდ თავს იმართლებენ.