
„ნაპოლის” სკუდეტოსგან რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებს. ის სერია A-ს ცხრილს სათავეში უდგას, მდევარ „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. თეორიულად შესაძლებელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა იტალიის ჩემპიონის ტიტული შინ, „სალერნიტანასთან” შეხვედრაში მოიპოვონ. 32-ე ტურის ეს მატჩი იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ 29 აპრილისთვის გადაიტანა. თარიღმა მყისვე მიიპყრო ყურადღება — 29 აპრილი სწორედ ის დღეა, როდესაც 1990 წელს დიეგო მარადონამ და მისმა პარტნიორებმა „სან პაოლოზე”, რომელსაც ახლა არგენტინელის სახელი ჰქვია, ზედიზედ მეორე და „პარტენოპეელთათვის” ჯერჯერობით ბოლო სკუდეტო მოიპოვეს. და აი, 33 წლის შემდეგ ისტორია შეიძლება გამეორდეს, ოღონდ ამისთვის საჭიროა მეორე ადგილოსანთან სულ მცირე 18 ქულიანი სხვაობა შენარჩუნდეს.
რასაკვირველია, ის რაც ზედა აბზაცში ვთქვით თეორიული დაშვებაა, პრაქტიკულად კი „ნაპოლის” გაჩემპიონების ბევრი სხვა ვარიანტი არსებობს. გულშემატკივრის ოცნებაც სხვადასხვანაირია. ზოგი ძალიან შორს მიდის და უნდა, რომ „აძური” საძულველ „იუვენტუსთან” შეხვედრის წინა ტურში (შინ, „ვერონასთან” 15 აპრილს) გახდეს ჩემპიონი, რათა ზეიმი „ბებერი ქალბატონის” „ბუნაგში”, ტურინში გაიმართოს. ეს, რასაკვირველია ძნელი წარმოსადგენია, რადგან „იუვენტუსი” ნეაპოლელებს კიდევ უფრო მალე, 31-ე ტურში, 23 აპრილს ხვდება (ესეც ახალი თარიღია) და რაკიღა ჯერ კიდევ შვიდი ტური იქნება გასამართი, სპალეტის ბიჭები მდევარზე სულ მცირე 21 ქულით უნდა იყვნენ წინ.
თუმცა, ფანტაზია მარტო ნეაპოლელ ქომაგებს არ აქვთ. ტურინელი გულშემატკივარი, მაგალითად, ზის და „იუვეს” კალენდარს „ნაპოლისას” ადარებს. ვერ გეტყვით ტურინში რაიმე ხმა დაირხა თუ რა ხდება, მაგრამ ისინი ანგარიშობენ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი მათ საყვარელ გუნდს ჩამორთმეულ 15 ქულას დაუბრუნებენ და შემდეგ ყველაფერი სასურველი სცენარით წარიმართება. 15 ქულის დაბრუნება საიდან მოიტანეს გაუგებარია, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლა მოხდება, დღევანდელი ცხრილი შეიცვლება, მეორე ადგილზე „ლაციო” კი არა, სწორედ „ბიანკონერი” აღმოჩნდება და „ნაპოლისთან” ისევ მაგიური 15 ქულით იქნება ჩამორჩენილი.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, „იუვენტუსს” ძალიან უნდა გაუმართლოს, „ნაპოლის” კი დამბლა დაეცეს, რომ ტურინელებმა სკუდეტო მოიგონ. მოკლედ, ვარიანტი განხილვადაც არ ღირს, თუმცა საილუსტრაციოდ რა უჭირს.