სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის.
ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?!
ეს არ კმაროდა და ტურნირის მსვლელობისას გამოცხადდა, რომ ფინალებს ბადახოსი უმასპინძლებდა – ესპანეთის ქალაქი, რომელიც პორტუგალიის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და საერთოდაც, ეს ქალაქი რამდენიმე საუკუნე ხან პორტუგალიას ეკუთვნოდა, ხან ესპანეთს, ხან ისევ პორტუგალიას და ა.შ.
შეიძლება იფიქრით, რომ შეთქმულების თეორიას ვავითარებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ეჭვები „რაგბი ევროპის“ ვიცე-პრეზიდენტმა გააქარწყლა, როცა პირდაპირი ტექსტით გამოაცხადა, რომ ეს „რეფორმები“ ერთადერთი მიზნით ხორციელდება – როგორმე გადახალისდეს ტურნირის ჩემპიონი და წინა პლანზე სხვა ქვეყნებიც წამოვიდნენ…
…და საქართველოს ბორჯღალოსნება უკვე მერამდენედ დაამტკიცეს, რომ ამ დონეზე მათი ტოლ-სწორი უბრალოდ არავინაა და ქართული რაგბი სხვაგვარ განვითარებას საჭიროებს.
ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა სამივე მატჩი უდიდესი უპირატესობით და პრემიალური ქულით მოიგეს – გერმანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს ჯამში 24 ლელო დაუდეს, თავად მხოლოდ სამი გაუშვეს და ნახევარფინალშიც გავიდნენ.
იქ ბორჯღალოსნებს ძველი კონკურენტი რუმინეთის ნაკრები ელოდა, რომელსაც ასევე არანაირი შანსი არ ჰქონდა – 31:7. მეორე მხრიდან კი ფინალისტობისთვის ესპანეთი ან პორტუგალია მოდიოდნენ, ანუ ბადახოსში ერთ-ერთი მათგანი მასპინძელი იქნებოდა, ან თითქმის მასპინძელი – პორტუგალიიდან ამ ქალაქში ჩასვლას ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე თბილისიდან – მცხეთაში. ჰოდა, ეს მეორე ვარიანტი გამოვიდა – პორტუგალიელმა „მგლებმა“ ესპანელი „ლომები“ 27:10 დაამარცხეს და „დიდი ფინალის“ საგზურიც მიიღეს.
19 მარტს ამ „მგლებმა“ თითქმის სახლში, მრავალი ათასი კილომეტრის მანძილიდან ჩამოსულ ქართველებს რიხიანად კი დაუხვდნენ, მატჩის პირველი ლელოც გაიტანეს და მთელი 40 წუთი მედგრადაც ეომნენ, მაგრამ თამაში ხომ 80 წუთი გრძელდება? პირველი ტაიმი სტუმრებმა 12:11 მოიგეს – აკა ტაბუცაძე ორჯერ გაექცა „მგლებს“ და სანაკრებო რეკორდი გაიმეორა – დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში საუკეთესო სანაკრებო მელელოვე აქამდე დიადი მამუკა გორგოძე იყო, ამიერიდან კი მას ამ ტახტის გაყოფა ტაბუცაძესთან მოუწევს. ორივეს 27-27 ლელო აქვს, საკითხავია – როდემდე?
ჩვენს თამაშს დავუბრუნდეთ და ისიც ვთქვათ, რომ ბორჯღალოსნები თამაშზე მაქსიმალურად მოტივირებულები გავიდნენ, ოღონდ ეს მოტივაცია ხშირად მეტისმეტ ემოციაში გადადიოდა და ისე მოხდა, რომ ფრანგი რეფერისგან ყვითელი ბარათი ალბათ ყველაზე გაწონასწორებულებმა მიიღეს – კაპიტანმა ბუკა შარიქაძემ და ვასკა ლობჟანიძემ, ვისაც მეტოქის კაპიტანთან კაი მუშტი-კრვი გადახდა თავს.
მაგრამ პორტუგალიელებს არც ამან უშველა. შესვენებისას ლევან მაისაშვილმა, ეტყობა, დაამშვიდა ბიჭები, არდგან მეორე 40-წუთეული იყო მძიმეწონოსნის მიერ მჩატე წონის კაცის გალახვისდარი სეირი. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 26:0 მოიგო, რამაც ჯამში 38:11 მოგვცა!
ტაბუცაძე ისტორიაში ერთპიროვნულად შესვლას ბევრს ეცადა, მაგრამ საბოლოოდ ამ დუბლს დასჯერდა, მისი დაწყებული საქმე კი შალვა მამუკაშვილმა, გურამ პაპიძემ, დემე თაფლაძემ და გიორგი ჭყოიძემ გააგრძელეს, ხოლო საბოლოო გასროლა ლუკა მატკავამ განახორციელა!
აი, ასე გაეცა პასუხი „რაგბი ევროპის“ მიკერძოებული თავების ვირეშმაკობას – როცა გინდა, სადაც გინდა!
საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე თავისი მე-100 გამარჯვება მოიპოვა, დაუმარცხებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდა და ჩემპიონის მე-15 ტიტული მოიპოვა, მათ შორის მეექვსედ მიჯრით!
მეტი რაღა?! მაშ გაუმარჯოს საქართველოს ბორჯღალოსნებს!