იტალიურმა გაზეთმა „ილ მატინომ” მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონსა და „ოქროს ბურთის” მფლობელ ფაბიო კანავაროს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ბუნებრივია ინტერვიუში საუბარი შეეხო „ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიასაც. გთავაზობთ, ამ ფრაგმენტის გადმოქართულებულ ვარიანტს.
„კვარაცხელია ფენომენია. თუ მას მისცემთ საშუალებას ბურთს დაეუფლოს, ის თქვენ გაგანადგურებთ. როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებს, მას სიძლიერის შეგრძნება ეუფლება. ეს ძალიან კარგად ჩანს მის მოძრაობიდან. ის ერთ ხანს დგას, შემდეგ ბურთს ეუფლება და ჯიქურ მოიწევს თქვენკენ. და როგორ გინდა გააჩეროთ? თანამედროვე ფეხბურთში უპირატესობა მისია. მცველს ხელ-ფეხი შეკრული აქვს. შორტებზე ვერ დაქაჩავთ, ხელს ვერ შეახებთ, თუ მაისურით დაითრევთ, ყვითელ ბარათს ამოგიღებენ, თუ ფეხში მიარტყამთ, გაგაძევებენ. ხომ გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ მარადონას? ის დიდებული იმიტომ იყო, რომ სჯობდა ისეთ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მას მოსაკლავად დასდევდნენ. მან იცოდა, რომ მათ მაინც არაფერი გამოუვიდოდათ. გოლები გაჰქონდა.
— და რას ფიქრობენ „ატალანტას” მცველები დღეს, კვარას მიერ მათ კარში ორი დღის წინ გატანილ გოლზე?
„ფიქრობენ, რომ შეცდნენ, რადგან ქართველს ასე გაქცევის საშუალება არ უნდა მისცე. თუ არ შებორკავ, მის გასაჩერებლად ბევრი იარაღი აღარ გრჩება”.
_ „აძურის” ვარსკვლავებიდან რომელი არ ნებდება?
„ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან ოსიმენი, კვარაცხელია და ლობოტკა, მაგრამ ჩემი აზრით შეუცვლელი ჯოვანი დი ლორენცოა. „ატალანტასთან” მატჩის შემდეგ მე სპალეტის შევხვდი და ვუთხარი, რომ დი ლორენცო ყველა შეხვედრას სულ მცირე 6.5-ზე ატარებს. ის გარანტიაა. მე ის ძანეტის მაგონებს, მისი დონის ფეხბურთელია. დი ლორენცო გაუჩერებლად იბრძვის. მან იცის, როგორ ითამაშოს როდესაც ბურთს ფლობს, როდესაც მეტოქესთან პირისპირ რჩება და რაც მთავარია, თანაგუნდელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი იმედი ჰქონდეთ. თუ დ ლორენცო ხედავს, რომ თანაგუნდელი განსაცდელშია, ის დაუყოვნებლივ გარბის მის დასახმარებლად. კაპიტანი ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს”.