გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს და გუნდი უკვე მესამედ იცვლის იერსახეს. პირველი თავკაცი, ჯენარო გატუზო, ფეხბურთელებს ბურთის ფლობასა და ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს სთხოვდა, რის გამოც მეტოქეები სწრაფ კონტრშეტევებზე გადმოსვლას ახერხებდნენ. „ღამურების” დაცვა ასეთ ტაქტიკას ვერ უძლებდა და ქართველ მეკარეს ხშირად უწევდა კარის გადარჩენა.
მეორე მწვრთნელი, ვორო, ისე ცოტა ხანს იყო, რომ ხეირიანად ვერავინ გაიგო რანაირ ფეხბურთს ქადაგებდა, თუმცა გიორგისთვის არც ვოროს პერიოდში შეცვლილა რამე — სულ საქმეში იყო და გუნდი დიდი ანგარიშით რომ არ აგებდა, მხოლოდ მისი დამსახურება გახლდათ.
და აი, გამოჩნდა ვალენსიელთა ლეგენდად შერაცხული რუბენ ბარახა, რომლის ხელმძღვანელობით „ჩეები” მართლა სხვანაირად ათამაშდნენ. გუნდი დაცვასა და ნახევარდაცვაში მუშტად შეიკრა, შეიკუმშა და თუ აქამდე ცუდად თამაშს ყველაზე მეტად მცველებს საყვედურობდნენ, ახლა თავდამსხმელების კრიტიკა ისმის — გუნდი ნახევარდაცვასა და დაცვაში უკვე ჩაკეტილია, თქვენ კი გოლები ვერ გაგაქვთო. უნდა ითქვას, რომ რაც „ვალენსიას” მწვრთნელი ბარახაა, მამარდაშვილმა ამოისუნთქა, წუხელ კი, „ოსასუნასთან” შეხვედრაში საქმე ფაქტობრივად არ ჰქონია. ბურთს დანატრებული ერთი-ორჯერ წინ გამოვარდა და მცველივით ითამაშა.
„ვალენსიამ” „ოსასუნას” 1:0 მოუგო. გოლი ჯასტინ კლუივერტმა სამუელ ლინოს პასით 74-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია კიდევ ორი მომენტი: ერთი, როდესაც მსაჯებმა პამპლონელთა საჯარიმოში საპენალტე სიტუაციაზე თვალი დახუჭეს და მეორე, როდესაც თვალის დახუჭვა აღარ გამოვიდა, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და… უგო დურომ ბურთი მეკარეს პირდაპირ ფეხებში დაუმიზნა.
„ვალენსიას” 25 ტურის მერე 26 ქულა აქვს და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

