Min-Jae Kim and Khvicha Kvaratskhelia of Napoli attend a training session on March 09, 2023 in Naples, Italy.„ნაპოლიმ” დაუყოვნებლად უნდა შეცვალოს კურსი და „ატალანტასთან” შეხვედრაში გამარჯვების გზას დაუბრუნდესო, წერს napolipiu თავის სარედაქციო წერილში, სადაც შეგვახსენებს, რომ „აძურიმ” ბოლო შეხვედრა შინ „ლაციოსთან” 0:1 წააგო. მდევარ „ინტერთან” უპირატესობა დიდია, 15 ქულაა, მაგრამ პორტალის აზრით ზედიზედ მეორე დამარცხება ან ვერ-მოგება მომდევნო ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „აინტრახტთან” თამაშის წინ ნეაპოლელებისთვის შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა გამოდგეს. გერმანელებთან მატჩში კი მათ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.

რაც შეეხება „რეპუბლიკას” ინფორმაციას, მის თანახმად დღეს, „ატალანტასთან” შეხვედრაში, ლუჩანო სპალეტი შემადგენლობას სავარაუდოდ ორი მოთამაშით გადაახალისებს.

გაზეთი წერს: „დანაშაულის გამოსყიდვა ოსიმენმა უნდა დაიწყოს. ის ნეაპოლელთა სამკაპას შუაში იქნება. შეუძლებელია თამაში გამოატოვებინონ ცენტრალურ თავდამსხმელს, რომელიც სპალეტის იდეებს ასე კარგად უღებს ალღოს. ოსიმენის საყვარელი პარტნოირი კი არის კვარაცხელია, მისთვის წარმატების მომტანი ტყუპისცალი, რომელიც „ლაციოსთან” თამაშის შემდეგ ასევე გამოსყიდვას შეეცდება. აი, ლოსანო კი ვერ ითამაშებს, რადგან კუნთი გაეჭიმა. მექსიკელმა ტრენაჟორზე არასტანდარტული სამუშაო შეასრულა და დაისაჯა. მას მატეო პოლიტანო შეცვლის, რომელიც მოწადინებულია, რომ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენოს”.

ხოლო მეორე ცვლილების ამბავს იტალიური პრესა გადაჭრით ვერ ამბობს. არის ვარაუდი, რომ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას მაგივრად მოედანზე  ტანგუ ნდომბელე ვიხილოთ. „ლაციოსთან” შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კამერუნელი საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვერ არის და სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ ის შეიძლება დაასვენოს.