„ნაპოლის” თავდამსხმელმა მატეო პოლიტანომ Radio Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა თემებს შეეხო. გთავაზობთ ციტატებს:
„ჩვენ ძალიან გვინდა „ატალანტასთან” შეხვედრაში გამარჯვებების გზას დავუბრუნდეთ. რასაკვირველია რთული მატჩი იქნება, მაგრამ მოგების ძლიერი სურვილი გვაქვს”.
„ლაციოსთან” დამარცხებას არ ვიმსახურებდით. რომაელებმა ამ გამარჯვების მისაღწევად მათთვის უჩვეულოდ ითამაშეს: სარის გუნდები როგორც წესი ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენთან კი „ლაციო” ჩაიკეტა. რას იზამ, ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. დავმარცხდით, მაგრამ მორალურად ცამდე ვართ გამართული, რადგან დიდებულად ვთამაშობთ. ასევე უნდა განვაგრძოთ”.
„ჩვენთან პირველივე დღიდან კარგი ჯგუფი შეიკრა. ახალმოსულებმაც დაამტკიცეს, რომ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ და მყისიერად აღმოჩნდნენ მწვრთნელის სრულ განკარგულებაში. იმთავითვე იგრძნობოდა დიდი ენთუზიაზმი. ეს არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ცხადი გახლდათ, რომ დიდებული ჩემპიონატის ჩასატარებლად ვიყავით მომართულები: ყველა გავაკვირვეთ იმ სწრაფი პროგრესით, რომელსაც პირველივე ტურებიდან განვიცდიდით. არადა, წინ ჯერ კიდევ ხანგრძლივი ჩემპიონატი გველოდა”.
„ვარჯიშების დროს ყველაზე კარგად იგრძნობა, თუ რის გამკეთებელია გუნდი სეზონის განმავლობაში. ზაფხულში, პრე-სეზონზე, ყველანი უზარმაზარ შემართებას ვგრძნობდით და მწვრთნელსაც საუცხოოდ ავყევით. ჩვენ ის უკეთ გავიცანით. ბევრი მექანიზმი ავტომატურად ამუშავდა”.
„სკუდეტო? ამ სიტყვას ჩვენს გასახდელში ხშირად გაიგონებთ. ვიცით, რომ ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს. სკუდეტოს მოგება ყველასთვის ახდენილი ოცნება იქნება”.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ „ატალანტასთან” რთული შეხვედრა გველის. ბერგამოელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც მთელს მოედანზე, კაცი კაცთან კარგად თამაშობს, ამიტომ ჩვენ ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ბურთი ვაკონტროლოთ და ჩვენი ძლიერი თვისებები გამოვიყენოთ”.
„თუკი ჩემპიონთა ლიგაში „აინტრახტს” გავცდებით და მეოთხედფინალში გავალთ, ეს კიდევ ერთი ისტორიული შედეგი იქნება, თუმცა ჯობს ჯერ „ატალანტაზე” ვიფიქროთ. მართალია, „აინტრახტს” პირველ შეხვედრაში 2:0 მოვუგეთ, მაგრამ წინ მთელი 90 წუთია”.
„იტალიის ნაკრები და ინგლისთან თამაში, რომელიც ნეაპოლში გაიმართება? იმედი მაქვს, რომ „სკუადრა აძურაში” გამომიძახებენ. მე „ნაპოლიში” მუხლჩაუხრელად ვშრომობ, რათა ეროვნული გუნდის მაისურა მოვირგო. მის ჩაცმა ყოველთვის დიდ სიამაყეს მგვრის”.
„დიახ, ჩვენ დიდი ოცნების ახდენას ველოდებით. ნეაპოლში მუდამ საოცარი გარემოა. ჯერ კიდევ შარშან, ქალაქის ქუჩებში სეირნობის დროს, ადვილი იყო ამ გარემოს შეგრძნება, ახლა კი ემოცია გაცილებით მეტია. ისეთი ქალაქი, როგორიც ნეაპოლია, სულ ბედნიერი უნდა იყოს. ვიცით, რომ სკუდეტოს მოგება აქ ყველას გააბედნიერებს, ფეხბურთელებს, კლუბის თანამშრომლებს, გულშემატკივრებს, რომელთაც ეს სიხარული წლებია არ განუცდიათ. მოზეიმე ნეაპოლი საოცარი სანახავი იქნება და გვინდა ყოველ უქმეებზე (ტურში) ეს ზეიმი მოვიახლოვოთ”.
„სპალეტი ყოველთვის კალაპოტში გვამყოფებს. ის გვამხნევებს, რადგან ჩემპიონატი ხანგრძლივი შეჯიბრებაა და მას კიდევ ჩემპიონთა ლიგა ემატება. ყოველ შეხვედრაში 110% უნდა გავიღოთ, რათა ის ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელსაც ბოლო თვეებში ვთამაშობდით. იმედი გვაქვს 4 ივნისს გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ”.





