Endrick of Palmeiras celebrates after winning the final match between Palmeiras and Flamengo as part of Supercopa do Brasil 2023 at Mane Garrincha...
ენდრიკი 16 წლისაა

იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „რეალი” მომავალზე ფიქრობს და ორიოდ წელიწადში მეტოქეების კარის დალაშქვრას ენდრიკის, ოსიმენისა და ვინისიუსის ტრიოთი აპირებს. ჯერჯერობით, ხსენებული სამეულიდან „რეალში” მხოლოდ ვინისიუსი თამაშობს. 16 წლის ენდრიკ ფელიპე ბრაზილიაშია, „პალმეირასის” თავდამსხმელია, თუმცა მადრიდელებმა მის წარმომადგენლებთან უკვე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიჭი სრულწლოვანი გახდება, „სანტიაგო” ბერნაბეუზე გადაბარგდება. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, ნიგერიელი „ნაპოლიში” ბრწყინავს და სავარაუდოდ, ზაფხულში მასზე დიდი ტაციაობა ატყდება. „რეალს” მის ხელში ჩასაგდებად განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება. მართალია, „ლოს ბლანკოსს” თავდასხმის ცენტრში ფრანგი ქარიმ ბენზემა ჰყავს, მაგრამ ის შეიძლება კლუბს მალე დაემშვიდობოს.

ბენზემა, 2022 წლის „ოქროს ბურთის” მფლობელი, უკვე 35 წლისაა და „თეთრებთან” კონტრაქტის ვადა ეწურება. რამდენადაც ცნობილია, ფრანგსა და მადრიდულ კლუბს შორის თანამშრომლობის განახლებაზე ჯერ არაფერი ისმის. შესაბამისად, ოსიმენის გადაბირების იდეა ესპანეთის დედაქალაქში სერიოზულად განიხილება. რასაკვირველია, კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კარგად მოეხსენება, რომ ნიგერიელი შეიძლება 100 მილიონ ევროზე ძვირი დაუჯდეს, მაგრამ სხვა რა გზაა.

არადა, როდესაც ოსიმენი „ლილში” თამაშობდა, „რეალის” მაშინდელმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბს ოსიმენის ყიდვა შესთავაზა, მაგრამ მისი სურვილი ოფისში ყურად არ იღეს. შემდეგ „ნაპოლიმ” იყოჩაღა და დღეს ნიგერიელი „პარტენოპეელთა” ფეხბურთელია.