„ძალიან მინდა, რომ გავიმარჯვოთ. „ნაპოლის” ხომ დიდი ხანია აღარაფერი მოუგია. ჩვენ კი კარგად ვთამაშობთ: სკუდეტოს მოგებას ვაპირებთ, — თქვა „აძურის” სამხრეთ კორეელმა ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯაემ მშობლიური ქვეყნის ტელევიზიისთვის, UpBit-თვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, — ყველაზე მნიშვნელოვანია მიხვდე, თუ რანაირი ფეხბურთის თამაში უნდა შენს მწვრთნელს და რასაც გინდა გთხოვდეს, სწრაფად უნდა აუღო ალღო. მე სწორედ ამას ვცდილობ რამდენადაც შემიძლია. როდესაც ეს გამოგივა, მერე გუნდთან შერწყმა და თანაგუნდელებთან საერთო ენის გამონახვაც ადვილია. ვფიქრობ, ადაპტაცია კარგად გავიარე და ჩემი საიდუმლოც სწორედ ეს არის”.

შემდეგ კიმს ჰკითხეს, თუ როგორი სახელის დატოვება სურს ნეაპოლში.

„განსაკუთრებული არაფერი: მინდა უბრალოდ კარგი ფეხბურთელი მიწოდონ. მინდა გავხდე ისეთი მოთამაშე, რომელიც მცველებზე ლაპარაკის დროს გაახსენდებათ. იმედი მაქვს ამას მოვახერხებ”.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ აქვს თუ არა მას გოლეადორის თვისებები.

„მართალი გითხრათ, მირჩევნია ჩემმა გუნდმა გოლი არ გაუშვას ვიდრე პირადად მე გავიტანო. უპირველეს ყოვლისა მცველი ვარ. რასაკვირველია, თუკი გოლს შევაგდებ, გუნდს დავეხმარები, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ მატჩი გაშვებული გოლის გარეშე დავამთავრო”.

და ბოლოს „განგნამ სტაილის” შესახებ, რომელიც კიმმა „ნაპოლიში” გადასვლის პირველ დღეებში თანაგუნდელების წინაშე იცეკვა.

„რატომ ვიცეკვე? იმიტომ, რომ ყველამ იცის ეს ცეკვა. სპეციალურად არ მივარჯიშია. სულ ერთხელ ვიცეკვე. მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს მრცხვენია. ჩანაწერს ვერც ვუყურებ. მე ამ ვიდეოს მნახველი არ ვარ”.