რა პროცესები მიმდინარეობს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”? გუნდს ერთ სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს, რაც მესამე ტაქტიკას, მესამე მსოფლმხედველობას ნიშნავს. plazadeportiva ამჯერად რუბენ ბარახას იდეებსა და ჯასტინ კლუივერტის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. პატრიკ კლუივერტის ვაჟი ერთი ხნის წინ დაშავებული იყო და სწორედ მაშინ გამოჯანმრთელდა, როდესაც გუნდს სათავეში ბარახა ჩაუდგა. თითქოსდა მეტი რა გინდა, მითუფრო, რომ ბარახამ თავის პირველ შეხვედრაში, ხეტაფესთან” (0:1) ის თავიდან ბოლომდე ათამაშა, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა.
მიზეზი ტაქტიკის ცვლილება გახლდათ – ბარახამ დაცვისადმი მიდგომა შეცვალა და ამისათვის ორი გარემარბით თამაშს დაუბრუნდა. მოედანზე კვლავ გამოჩნდა სამუ კასტილეხო, „კამპ ნოუზე” მარცხენა ფრთიდან თამაშში ახალგაზრდა ფრან პერესი ჩაერთო და გამოვიდა, რომ კლუივერტი „ღამურების” შეტევის ბოლო რესურსია. „რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში, რომელიც „ჩეებმა” 1:0 მოიგეს, ბარახამ ჰოლანდიელი საერთოდ არ ათამაშა. „პიპოსთვის”, ისევე როგორც ჯენარო გატუზოსა და ვოროსთვის სამუელ ლინო აღმოჩნდა ხელშეუხებელი ფორვარდი.
მრავლისმეტყველია: მაშინ, როდესაც გუნდის განკარგულებაში არ იყვნენ ედინსონ კავანი და მარკოს ანდრე, ბარახამ კლუივერტისთვის ბოლო ორ შეხვედრაში 12 წუთზე მეტი ვერ გაიმეტა. ბოლო ტურში, სტუმრად, „ბარსელონაასთან”, „ვალენსია” მთელი ნახევარი საათით რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა. ბარახამ გადაწყვიტა შეტევა გაეძლიერებინა და მოედანზე… კასტილეხო და ფრანი შეიყვანა. კლუივერტი? მას „პიპომ” 12 წუთი უბოძა, არადა, სწორედ ნიდერლანდელი აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც ამ დღეს მეტოქის კარში დარტყმა მოახერხა.
ერთი სიტყვით, ჯასტინ კლუივერტი არც ბარახამდე იყო „ღამურების” სასტარტო შემადგენლობის წევრი და არც ახლაა, მაგრამ ლა ლიგასა და სამეფო თასზე თანაგუნდელთა შორის მაინც მეორე ბომბარდირია. მას მხოლოდ კავანი უსწრებს, მწვრთნელების საყვარელმა ლინომ კი მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ორჯერ მეტი დრო გაატარა, ნაკლები გოლი გაიტანა.
კლუივერტს გოლი ყოველ 204 წუთში გააქვს, კავანის — ყოველ 170 წუთში. ლინოს შედეგი 572 წუთია, უგო დუროსი — 502, ხოლო კასტილეხოსი — 353.