ესპანეთში არ წყდება ლაპარაკი „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრის 85-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მასპინძელმა ფრანკ კესიემ სტუმარი ფრან პერესი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა ალბეროლა როხასმა კი პენალტი არ დანიშნა. „ღამურების” ბანაკი და გულშემატკივარი განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ხაიმე ლატრემ, რომელსაც ამ შეხვედრაში VAR ებარა, ეპიზოდი არც კი განიხილა.

ვალენსიურ მედია-საშუალებას superdeporte-ს თავად ფრან პერესის კომენტარი მოჰყავს. პერესი კატეგორიულია. ის ამბობს, რომ ბარსელონელმა ფეხბურთელმა მას ფეხი შეახო. ეს არ იყო ძლიერი ჩარტყმა, მაგრამ გახლდათ სრულიად საკმარისი საიმისოდ, რომ საჯარიმოში სწრაფად შევარდნილს წონასწორობა დაეკარგა და წაქცეულიყო.

ფრანი გარემარბია და კარგად მოეხსენება, რომ სწრაფი გარღვევის დროს ამ ტიპის კონტაქტი თავდამსხმელის ვარდნას იწვევს. მან თქვა, რომ მოედანი აღშფოთებულმა დატოვა და სულაც არ სჭირდებოდა ჩანაწერის ნახვა საიმისოდ, რომ ზუსტად სცოდნოდა — „ბარსელონას” კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

პერესის თანაგუნდელმა ხესუს ვასკესმა კი თქვა: „მე ახლოს ვიყავი და როდესაც კესიემ ფრანს ფეხი მიარტყა, ხმაც კი გავიგონე. მსაჯს მაშინვე ვთხოვე ეპიზოდი VAR-ზე შეემოწმებინა, მან კი მიპასუხა, რომ ეს ეპიზოდი შემოწმებას არ იმსახურებდა”.