ჯერ კიდევ როდინდელი მეკარეები ამბობდნენ, თუ გამოდიხარ ბურთს უნდა მიწვდე, თუ არა და იდექიო. მამარდა ვერ მიწვდა, რაფინიამ გაუტანა. ბუსკეტსმაც ზუსტად დაასვა რაფინიას თავზე, მაგრამ იმიტომაც არის ბუსკეტსი და იმიტომ ჰქვია იმ გუნდს „ბარსელონა”.
მეორე მხრივ, თუკი ამ სეზონში „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილს რამე უნდა უთხრას, მადლობაა. ამ ერთი უზუსტობით ქვეყანა არ დაქცეულა. ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების საშუალება, მაგრამ კარში წარმატებით დარტყმა ვერ მოახერხა, ასე რომ ყველამ თავისი შეცდომა ითვალოს.
„ვალენსიას” კარში ხელით თამაშისთვის დაინიშნა პენალტიც. ანსუ ფატიმ და ფერან ტორესმა ჯერ ერთმანეთი ანერვიულეს, არა მე უნდა დავარტყა და არა მეო, მერე კი გიორგიმ დაიწყო ხაზზე დამაბნეველი ხტომა აქეთ-იქით და საბოლოოდ, ტორესმა თავისგან მარცხენა ძელს გაარტყა.
მერე იყო და არაუხომ ეგრეთწოდებული უკანასკნელი იმედის ჯარიმა „აიკიდა” რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. თამაშის მიწურულს კი ფრანკ კესიემ საჯარიმოში ფრან პერესი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ეს ეპიზოდი მატჩის მთავარ მოვლენად იქცა — ესპანური მედია ამ შეხვედრის მიმოხილვისას უპირველეს ყოვლისა არდანიშნულ პენალტზე ამახვილებს ყურადღებას და მხოლოდ ამის შემდეგ ლაპარაკობს ყველაფერ დანარჩენზე. უცნაური კი ის გახლდათ, რომ VAR-მა ეპიზოდი შემოწმების ღირსადაც არ ჩათვალა.
„პენალტის დანიშვნა ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. გააჩნია, მცველი როდის შეეხო თავდამსხმელს… მე ეპიზოდი არ დამინახავს, მაგრამ მსაჯებს შემოწმების შესაძლებლობა ჰქონდათ. დეტალები კი მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, ისეთი განცდა დარჩა, რომ იმ ეპიზოდში კონტაქტი იყო”, — შეძლებისდაგვარად რბილად თქვა მატჩის შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ.
უგო გილამონი: „სამარცხვინო იყო რაც მოხდა. მსაჯმა თვითონ თქვა კონტაქტი იყოო და თუ იყო, უნდა შეემოწმებინათ მაინც. პირადად მე ჩემი თვალით რაც დავინახე, საკამათო არაფერია, თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. საერთოდ რისთვის არსებობს ეს VAR”.
თამაშის შემდეგ „ღამურების” ბევრმა სხვა ფეხბურთელმაც თქვა ან დაწერა ინტერნეტში, რომ მათი გუნდი გაძარცვეს. ერთადერთი „ბარსელონას” მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა პენალტი არ იყოო, მაგრამ მისგან გასაკვირი ის იქნებოდა, პირიქით რომ ეთქვა.