პარასკევს „ნაპოლიმ” „ლაციოსთან” შინ 0:1 წააგო. ამ მარცხის გარშემო არა და არ წყდება ლაპარაკი. ახლა ყველა მოუთმენლად ელის როგორი პასუხი ექნება ლუჩანო სპალეტის გუნდს. ეს შაბათს, „მარადონაზე”, „ატალანტასთან” შეხვედრაში გაირკვევა, თუმცა იტალიელი ჟურნალისტი ბრუნო გალვანი მოგვიწოდებს შაბათამდე, ამ თემაზე მსჯელობისას, ნაჩქარევ დასკვნებს მოვერიდოთ და რაც მთავარია წარსული არ დავივიწყოთ.

საქმე ის გახლავთ, რომ აქა-იქ გამოჩნდა ხალხი, რომელმაც სპალეტისა და მისი ბიჭების შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა. მათ პასუხად გალვანი წერს, რომ „ნაპოლი” კრიზისში კი არ არის, არამედ გადაეყარა კონკრეტულ მეტოქეს, რომელმაც მას ტაქტიკურად აჯობა. დიახ, „აძურიმ” წააგო, მაგრამ კრიტიკით დააცხრე თავს გუნდს, რომელიც ცხრილში ვეებერთელა უპირატესობას ფლობს, მთლად სწორი საქციელი არ არის. და კიდევ, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სპალეტის „ნაპოლი” მწარედ ადრეც დამარცხებულა, ისე დამარცხებულა, რომ მის ადგილას ბევრი ალბათ გატყდებოდა კიდეც, მაგრამ „აძური” მუდამ ძალას იკრებს და შემდეგ მატჩში კარგ შედეგს აღწევს.

ჟურნალისტს ამის დამადასტურებელი ცხრილი მოჰყავს — წაგებული და შემდგომი თამაშები — მერე კი წერს, რომ სპალეტიმ „აძურის” მებრძოლი მენტალიტეტი ჯერ კიდევ გასულ სეზონში ჩამოუყალიბა, თუმცა მაშინ გუნდი წლევანდელივით ძლიერი არ იყო. არადა, მის შემადგენლობაში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კულიბალი, ინსინიე და მერტენსი.

1960-იან წლებში არსებობდა იტალიაში ძალიან პოპულარული ინგლისური როკ ჯგუფი The Rokes, რომლის ერთ-ერთ სიმღერაში იყო ასეთი ფრაზა: „ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ”. დღეს, „ნაპოლის” დამარცხება ანომალიად იქცა. ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს თუ რა ძლიერია სპალეტის გუნდი სინამდვილეში. როგორი პატივისცემა და სახელი მოიპოვა როგორც იტალიაში, ასევე მის გარეთ.

წაგება სასიხარულო არასდროს არის. ყველამ ნახა „ლაციოსთან” თამაშის შემდეგ როგორ განიცდიდნენ ხვიჩა კვარაცხელია და კიმი. მათი რეაქცია გამარჯვების წყურვილსა და კულტურაზე მიუთითებს. ადვილი წარმოსადგენია, რა ხდება გუნდის გასახდელში.

„ხვალ ახალი დღეა. „ნაპოლი” „ატალანტას” ხვდება. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა”, — წერს ბრუნო გალვანი.