დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ბარსელონასთან”. ისტორიაში ეს გუნდები „კამპ ნოუზე” 87-ჯერ შეხვედრილან, აქედან 51 თამაში მასპინძლებს მოუგიათ, 23 ფრედ დამთავრებულა, ხოლო 13-ჯერ „ღამურებს” უზეიმიათ გამარჯვება. სხვა სიტყვებით, როდესაც „ვალენსია” ბარსელონაში მიემგზავრება, კარგს არაფერს ელის, მაგრამ ყოფილა ცალკეული ეპიზოდები, რომელთაც „ჩეები” დღემდე ამაყად იხსენებენ.
ლაპარაკია იმ შეხვედრებზე, როდესაც საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ „ვალენსიას” „ბარსელონა” ნოკაუტში ჩაუგდია. დღევანდელ „ვალენსიას” გავარდნისგან თავის დასაღწევად სწორედ ასეთი გმირობის გამეორება სჭირდება.
განსხვავება „ბარსასა” და „ღამურებს” შორის უზარმაზარია — „კულეები” ლიდერობენ, ხოსე ბარახას გუნდი კი ცდილობს არ გავარდეს. ცხრილში მათ შორის სხვაობა 36 ქულაა, თუმცა ამ ორ გუნდს შორის უზარმაზარი სხვაობა იყო 1997-98 წლების სეზონშიც, როდესაც 19 იანვარს „ვალენსიამ” „კამპ ნოუზე” მომავალ ჩემპიონს 4:3 მოუგო.
მოდი, დავარღვიოთ ქრონოლოგია და ამ ისტორიული თამაშის გახსენებით დავიწყოთ. მაშინ „ჩეებს” კლაუდიო რანიერი წვრთნიდა. აქ მთავარი ის არის, რომ 69-ე წუთზე „ბარსელონა” ლუის ენრიკეს, რივალდოსა და არგენტინელი ფერნანდო კასერესის ავტო-გოლით 3:0-ს იგებდა, როდესაც კასერესის თანამემამულემ გილერმო მორიგიმ სხვაობა შეამცირა. აქ სტუმრებს მადა გაეხსნათ და მასპინძლებს კიდევ სამჯერ შეუგდეს — სამივე გოლის ავტორი კვლავ და კვლავ არგენტინელი იყო: ორისა კლაუდიო ლოპესი, ერთის კი არიელ ორტეგა.
ახლა კი თანმიმდევრულად მოვყვეთ. „ვალენსიამ” ბარსელონაში პირველად 1941-42 წლების სეზონში გაიმარჯვა — 4:2.
1987-88-ის გამარჯვება იმით იყო საყურადღებო, რომ „ღამურები” პრიმერა დივიზიონში ახალი დაბრუნებულები იყვნენ და „ბარსასთან” შედარებით კი არა, ზოგადად ცუდად თამაშობდნენ. და უცებ: 0:1. „ვალენსიას” არც მეტი არც ნაკლები ალფრედო დი სტეფანო ედგა სათავეში. ამ შეხვედრიდან მეხსიერებას შემორჩა ურუგვაელი მიგელ ბოსიოს გახეთქილი წარბი და სისხლში მოთხვრილი მაისური. ბოსიო 1986-90 წლებში „ვალენსიაში” თამაშობდა.
და 2015-16. ეს იყო „ჩეების” ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება „კამპ ნპუზე” – 2:1. მაშინდელ „ბარსელონაში” თამაშობდნენ ლეო მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი. „ვალენსიას” კვლავ ცუდი დროება ედგა, „ბარსა” კი ჩემპიონი გახდა.