უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციის ყულაბაში მედალია…
57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი ირგუნა. ჩვენებური ოქროსთვის ბრძოლაში იაპონელ მომო ტამაოკის დაეჭიდა და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე შებოჭვაზე მოჰყვა.
მანამდე ლიპარტელიანმა მასპინძელ შუქურიონ ამინოვას, ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასა და ტაიპეელ ჩენ-ლინგ ლიენს მოუგო.
მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლუხიმ ჩხვიმიანსაც (60), მაგრამ, ჯერ ნახევარფინალში ნურკანატ სერიკბიაევთან წააგო, ბრინჯაოსთვის კი აზერბაიჯანელ აჰმად იუსუფოვთან დამარცხდა. მანამდე ჩხვიმიანმა გერმანელი მაქსიმილიან შტანდკესა და ფრანგი რომარიკ ბოუდას მოუგო. ამავე წონაში ამირან დარბაისელმა პირველივე ბრძოლა წააგო და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.