სერია A-ს ლიდერი, „ნაპოლი”, პარასკევ საღამოს „ლაციოს” მასპინძლობს. ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის გუნდმა უკვე დაიწყო მომზადება. „ემპოლისთან” 2:0 მოგების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფეხბურთელები 48 საათით დაასვენა. ტრავმის გამო გუნდს აკლია ჯაკომო რასპადორი, რომელიც შაბათ-კვირას შინ იყო. ის ორშაბათს მივიდა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიისთვის.
გუნდმა დღე დარბაზში დაიწყო, სადაც გახურდა, შემდეგ კი მოედანზე გავიდა. მოედანზე ჯერ იყო ვარჯიში უბურთოდ, შემდეგ ბურთის ფლობის დახვეწა და ბოლოს გაიმართა თამაში პატარა მოედანზე.
ვარჯიშში არ მონაწილეობდა კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, რომლის მეუღლემ, კლარისამ, მეორე ქალიშვილი გააჩინა. ბედნიერმა წყვილმა გოგონას კაროლინა დაარქვა. „აძურის” კაპიტანს, რომელიც წარმოშობით ტოსკანადან არის (დედაქალაქი ფლორენცია) უფროსი ქალიშვილი აძურაც ნეაპოლში შეეძინა.
„გილოცავთ, კაპიტანო! დაიბადა კაროლინა, ჯოვანისა და კლარისას მეორე შვილი. მთელი „ნაპოლი” გულით ვულოცავთ დედიკოს, მამიკოს და პატარა აძურას”, — დაწერა კლუბმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

