საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს გალა-დაჯილდოების ერთ-ერთი გმირი გახდა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საგანგებო ჯილდო გადასცეს.
სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის ნომინანტები, ლუკასთან ერთად, ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“) იყვნენ, მაგრამ ჟიურიმ ქართველის საქციელი ყველაზე მეტად დააფასა.
ლუკა იტალიის ჩემპიონატში, „კრემონეზესთან“ ერთად მორიგი ტურის თამაშისთვსის ემზადება და დაჯილდოებაზე პირადად ვერ ჩავიდა, მაგრამ გალა-საღამოზე ონლაინ ჩაერთო და მადლობა გადაიხადა.
„მიხარია და ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ყველაზე მეტად სიცოცხლის გადარჩენა მახარებს, რაც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.
შარშან, თებერვალში, როდესაც ლუკა ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, ბუნდესლიგის 21-ე ტურის მატჩში მისი გუნდი შინ ვენის „აუსტრიასთან“ 0:1 დამარცხდა. მნიშვნელოვანი ამბავი მატჩის მიწურულს მოხდა, როცა მასპინძელთა ერთ-ერთი ნახევარმცველი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელს პირველადი დახმარება ლოჩოშვილმა გაუწია და ის, ფაქტობრივად, სიკვდილისგან იხსნა.