ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ში თავის მორიგ შედევრალურ მატჩს ატარებდა, ხოლო საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიას ქმნიდა, ქართული რაგბის ამბები რამდენადმე ჩრდილში მოექცა, არადა ქართული ნიჭის ზეიმი სწორედ ტოპ 14-ში იყო თუ იყო.
ნაკრებიდან თავის „ლიონში“ დაბრუნებულმა დავით ნინიაშვილმა „რასინგ-92“-თან მატჩი საკუთარ ბენეფისად აქვია. 20 წლის უკანახაზელმა 2 ლელო გაიტანა და პირადი სეზონური ანგარიში 7 ლელომდე გაზარდა, თან ამისთვის სულ რაღაც 11 მატჩი იკმარა! ასეთი შედეგიანი თამაში საფრანგეთში მამუკა გორგოძის საუკეთესო წლების მერე არ გვახსენდება, თანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ დათუნა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა!
„ლიონმა“ ხსენებული შეხვედრა აღმაფრენით ჩაატარა, 45:11 მოიგო და ცხრილის მესამე საფეხურზე გამაგრდა. ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დამარცხებულთა შორის მოედანზე 62-62 წუთი გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა გაატარეს.
ჰოდა, 41-ე წუთზე ამ უკანასკნელმა რაქიდან ბურთი გამოიტანა და ლელოსკენ დაიძრა, ხარაიშვილს მხრებზე სამი ჯანიანი ლიონელი ჩამოეკიდა, მაგრამ „რინო“ („მარტორქა“) ორ მაგდენსაც მოერეოდა. შედეგად, 24 წლის ბურჯმა კარიერაში პირველი ლელო დადო და პარიზელთა ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა.
მაგრამ ხარაიშვილის ლელოდან 2 წუთიც არ იყო გასული, როცა მასპინძლებმა საკუთარ 22-ის ხაზთან დერეფანი მოიგეს, ბურთი რამდენიმე წამი უპატრონოდ იყო, მაგრამ ლიონელებმა უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს, მისი დაბოლოება კი ნინიაშვილმა ითავა – ლელოში ფეხით შეცურებულ ბურთზე იბრძოლა და საწადელსაც მიაღწია.
74-ე წუთზე კი დათუნამ წარმოუდგენელი სოლო-რეიდი შეასრულა. პარიზელები კვლავ მისი ფლანგიდან უტევდნენ და ბურთი უნებლიედ დაკარგეს, ნინიაშვილს გადაულოცეს, მან კი ეგრევე ფეხით წინ გაიგდო, დაეწია, კიდევ ფეხი წაკრა, მორიგი მეტოქე როცა ეწეოდა, მესამედაც ფეხით ითამაშა და ჩათვლის მოედნის ზედ პირით ხაზზე ბურთის დამიწება თავგანწირულ ნახტომში მოახერხა. რაღაც სოსო მათიაშვილის ან სანდრო თოდუას სტილში გამოუვიდა, მაგრამ საკუთრივ ეს გაქცევა და ბურთი ფეხით სამჯერ გაგდება სრული საოცრება იყო! კომენტატორმა ხომ აღფრთოვანება ვერ დაფარა და მატჩისშემდგომი კომენტარებიც ფანტასტიკური იყო. ნინიაშვილი ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს, არადა კონკურენტად თვით ჯოსუა ტუისივა ჰყავდა!
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ტოპ 14-ში გამართულ სულ რაღაც 23 მატჩში დავით ნინიაშვილმა უკვე 9 ლელოს გატანა მოახერხა!
სხვათა შორის, ერთი ქართული ლელო პრო დ2-შიც დაიდო, თან ძალიან მნიშვნელოვანი. „გრენობლი“ „ბეზიესთან“ გასვლით მატჩს 15:19 აგებდა, ტაბლოზე დრო უკვე „გაწითლებული“ იყო, როცა მასპინძელთა 5-მეტრიან წყვეტილთან გრენობლელებმა დერეფანი სრულყოფილად მოიგეს, მძლავრი მოლი შეკრეს, რამდენიმეჯერ მიეძალნენ და ბოლოს ლელოში ბურთიანად შევიდნენ. დამიწება ირაკლი აფციაურმა ითავა და ბურთი დადო კიდეც, რაშიც ვეტერანი მეორეხაზელი კლემან ანსელი დაეხმარა. ალპელებმა 20:19 იმარჯვეს და ცხრილის მესამე საფეხურზეც დამკვიდრდნენ. ლელო აშკარად 20 წლის ქართველმა გაიტანა, მაგრამ ოქმში მის ავტორად ანსელი ჩაიწერა, არადა თავად ირაკლიმ და მისმა კლუბმაც ერთხმად აღიარეს, რომ გადამწყვეტი ლელო გუშინდელი ჭაბუკი ბურჯის ანგარიშზეა. ასეა თუ ისე, ირაკლი აფციაურმა პრო დ2-ში ჩატარებულ მე-17 მატჩში მე-2 ლელო გაიტანა და გუნდსაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.