„ვალენსიასა” და „რეალ სოსიედადის” თამაშის დაწყებამდე „მესტალიაზე” რომ ყოფილიყავით, საკუთარი თვალით ნახავდით რას ნიშნავს როდესაც მწვრთნელი ადგილობრივი ვარსკვლავია. რუბენ ბარახამ ფეხბურთის თამაშს თავი 2010 წლის 16 მაისს დაანება და მას მერე ამ სტადიონზე ფეხი აღარ დაუდგამს, ტრიბუნაზეც არ მჯდარა. 2019 წელს მან ლეგენდების მატჩშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო წამს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
ბარახა გასახდელიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც სტადიონის დი ჯეი მის გვარს აცხადებდა. ტრიბუნები ისე შეეგებენ, როგორც როკ-ვარსკვლავს. მან მისალმების ნიშნად ხელები აღმართა და მიიღო ოვაცია, რომელიც გულშემატკივრის მხრიდან ნაწილობრივ წარსული დამსახურებისთვის მადლობა, ნაწილობრივ კი იმედის გამოხატვა იყო.
ამის შემდეგ მოხდა ის, რაც გუნდს ასე ძალიან სჭირდებოდა — ბარახამ „ვალენსიას” უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა. მან რწმენადაკარგულ ფეხბურთელებს დამშვიდება სთხოვა, ხალხი კი დიეგო სიმეონეს ჟესტით აიძულა ნერვიული ზუზუნიდან აპლოდისმენტებზე გადართულიყო.
რთული დრო უდგას „ვალენსიას”, კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ გამოსვლებია და ბარახამ ასეთ დროს ხალხის გულებთან მისვლა მოახერხა. „მესტალიაზე” შეკრებილი გულშემატკივრისგან ყოველთვის ბოლომდე დახარჯვას ველიო, თქვა „რეალ სოსიედადთან” მატჩის წინა დღეს და ტრიბუნების მძლავრმა რეაქციამაც არ დააყოვნა — ამ რეაქციას ჩვენ კიდევ შვიდ შეხვედრაში ვნახავთ. ეს შეხვედრები „ვალენსიას” შინ დარჩა ჩასატარებელი.
„წინ კი მნიშვნელოვანი თამაშებია. ჩვენმა ხალხმა იცის რა სჭირდება გუნდს. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. მათ იციან, რომ პირველიდან 95-ე წუთამდე თანადგომას ვითხოვთ. რასაკვირველია ყველა შეხვედრაში იქნება რთული მონაკვეთები, მაგრამ თუკი შენი ხალხი განუწყვეტლივ გიმაგრებს ზურგს, ფეხბურთელიც უკეთ თამაშობ”, — თქვა ბარახამ.
„მესტალიაზე” ბარახას დებიუტის დღეს ყურადსაღები რამდენიმე მომენტი იყო: მისი შემოსვლა, ყვირილი მოედნის კიდიდან, რომლითაც ის ფეხბურთელებს ამხნევებდა და პროტესტი, რომელიც მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოთქვა.
ბარახა ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც გულშემატკივარს მხარდაჭერა მოწყალების ფორმით კი არ სთხოვა, არამედ როგორც ერთიანობისა და ფეხბურთელების დახმარებისთვის აუცილებელი კომპონენტი.
„მინდა „მესტალიას” მხარდაჭერისა და გამხნევების დახმარებით ჩემი ფეხბურთელები გარდავქმნა. ამ სტადიონზე მითამაშია მატჩებში, როდესაც დიდ წარმატებებს სწორედ ქომაგების დახმარებით მივაღწიეთ. ხალხმა კარგად იცის, რომ მათი ამოცანა გუნდის წახალისებაა. მე „ვალენსიას” ფანი ვარ და გუნდის მხარდაჭერის მეტი გონებაში არასდროს არაფერი გამივლია”, — თქვა მან.
„ვალენსიას” ახალი თავკაცი ფეხბურთელობის დროს არასდროს ყოფილა ეგრეთწოდებული ტრიბუნერო. ის ასეთი რასაკვირველია არც მწვრთნელობის დროს გახდება, მაგრამ ძალიან კარგად მოეხსენება, რომ „ვალენსიას” გადარჩენის გზა საშინაო თამაშებზე გადის. მთელი საწვავი მასალა ღუმელში სწორედ „მესტალიაზე” უნდა შეყაროს. გულშემატკივარიც ხედავს, რომ მწვრთნელი მათიანია და მზად არის მასთან ერთად ფრონტზე წავიდეს.
და კიდევ, — თუ ვინმე ამას ჯერაც ვერ მიხვდა, — გზა გადარჩენისკენ ხანგრძლივი იქნება. ეს იქნება რბოლა დიდ დისტანციაზე. დიახ, „ვალენსია” სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ ბარახამ მისი გადაჭრის გზა იცის.
ფერნანდო ალვარესი, მარკა