საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!
ილიას ზუროსის გუნდი შინ ისლანდიას დაუხვდა და ზუსტად იმ 3 ქულით წააგო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონტზე სათამაშოდ საკმარისი იყო – 77:80.
სანერვიულო თამაში იყო, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო, როდესაც ილიას ზუროსის გუნდი 7 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა ისლანდიელებმა პირველივე მეოთხედში გააბათილეს.
სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი მეოთხედი, რომელიც ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენი სამი ისლანდიელებმა მოიგეს, თუმც მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც საქართველო გავიდა.
განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო წამები, როდესაც ბურთს ისლანდიელები ფლობდნენ და ერთი ქულაც კი საქმეს საპირისპიროდ შეაბრუნებდა. იღბალმა საქართველოს გადმოხედა.
ეს ისტორიული მომენტია – საქართველოს ნაკრებს აქამდე მხოლოდ კონტინენტის პირველობები ჰქონდა ნათამაშები, ახლა კი, მსოფლიო მარაქაში გაერია.
ვულოცავთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ამ მიღწევას და იმედს ვიტოვებთ, რომ მხარს სხვა სპორტის სახეობებიც აუბამენ.
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები